არტეტა:
Aa
Aa

არტეტა: "ოზილს შემადგენლობაში მოხვედრა ძალიან გაუჭირდება"

პრემიერ ლიგაში უკვე ორი ტური გაიმართა და ლონდონის "არსენალმა" ორივე თამაში მოიგო. აღსანიშნავია, რომ "მეთოფეთა" რიგებში ჯერჯერობით მესუთ ოზილი არ გამოჩენილა. ამასთან დაკავშირებით გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ ინტერვიუ ჩაწერა და განაცხადა, რომ თურქული ფესვების მქონე გერმანელს მიმდინარე წელს, შემადგენლობაში მოხვედრა ძალიან გაუჭირდება.

"ამჟამად სხვა ფეხბურთელები ბევრად კარგ ფიზიკურ ფორმაში არიან. ყველა ხედავს, რომ გუნდი ვითარდება და წინ მიდის. ამას შედეგებიც ასახავს. ყოველ კვირას მე საუკეთესო თერთმეტეულის შერჩევა მიწევს, რაც საკმაოდ რთულია. რთულია მესუთისთვისაც და სხვა მოთამაშეებისთვისაც. გვინდა, რომ გუნდმა უფრო უკეთესად ითამაშოს. ოზილმა ყველა შეხვედრა გამოტოვა და მისთვის შემადგენლობაში დაბრუნება ძალიან რთული იქნება.

მესმის იმ ფეხბურთელების, რომლებსაც ბევრი სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ. გუნდში 26-27 მოთამაშე მყავს და დამერწმუნეთ ჩემზე მეტად ეს არავის ანერვიულებს. მე პატივს ვცემ თქვენს შეკითხვებს, მაგრამ ვცდილობ ყველასთვის მაქსიმალურად სამართლიანი ვიყო." - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა

ლონდონის "არსენალმა" გასული სეზონის ბოლო ტური გამარჯვებით დაასრულა. წარმატებული გამოდგა სეზონის დასაწყისი, არტეტას შეგირდებმა "მერსისაიდელებს" სუპერ თასი პენალტების სერიაში მოუგეს. პრემიერ ლიგის საწყის ორ ტურში კი როგორც უკვე მოგახსენეთ, გუნდმა 6 ქულა აიღო. ნიშანდობლივია, რომ 2019/2020 წლის სეზონი "მეთოფეებმა" მე-8 ადგილზე დაასრულეს, რაც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგია.

კლუბში ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელები ირიცხებიან. მაგალითად ნკეტია და ბაკაიო საკა. ობამეიანგს კონტრაქტი გაუხანგრძლივდა და ახალწვეულმა ვილიანმა შესანიშნავი მატჩები ჩაატარა. საბოლოოდ გულშემატკივრებს მიმდინარე სეზონში წარმატების იმედი უნდა ჰქონდეთ.

"არსენალი" მორიგ შეხვედრას 28 სექტემბერს, სტუმრად "ლივერპულის" წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები