1.1 მილიონი ევრო ქმრის მოსაკლავად - თურქეთის ნაკრების ექს-ფეხბურთელის მეუღლემ ქილერი დაიქირავა
Aa
Aa

1.1 მილიონი ევრო ქმრის მოსაკლავად - თურქეთის ნაკრების ექს-ფეხბურთელის მეუღლემ ქილერი დაიქირავა

თურქეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, ემრე აშიკის მეუღლემ, იაგმურ აშიკმა ქმრის მოსაკლავად პროფესიონალი მკვლელი დაიქირავა. თურქული პრესის ინფორმაციით, მან ქილერს მკვლელობისა და გვამის უსაფრთხოდ მოშორების სანაცვლოდ 10 მილიონი თურქული ლირა, დაახლოებით 1.1 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

დაქირავებულმა მკვლელმა მეუღლის გეგმის შესახებ აშიკს უამბო და იაგმური და მისი საყვარელი, ერდი სუნგური მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააპატიმრეს. გავრცელებული ინფორმაციით, იაგმურმა თავდაპირველად ემრე აშიკის მოკვლა სწორედ სუნგურს სთხოვა. „იაგმურთან სასიყვარულო რომანი მქონდა. მას ემრე აშიკის სიკვდილის შემდეგ, მემკვიდრეობის მიღება უნდოდა და მთხოვა, მისი მეუღლე მომეკლა, თუმცა უარი განვუცხადე. ერთხელ ხორცის ნაჭერი მომიტანა და მითხრა მისთვის მესროლა, მაგრამ ჩემი რეაქციის შემდეგ, გაბრაზებულმა მითხრა, რომ ვერაფერს შევძლებდი“, - აღიარა სუნგურმა.

როგორც ირკვევა, იაგმურ აშიკს ქილერი, რომელსაც მკვლელობის ბრალდებით ციხეში რამდენიმე წელი ჰქონდა გატარებული, სწორედ სუნგურმა გააცნო. იაგმურმა დაქირავებულ მკვლელს იარაღი გადასცა და მასთან ერთად დიუზჯეში ადგილსაც არჩევდა, სადაც გვამის უსაფრთხოდ დამარხვა იქნებოდა შესაძლებელი.

თურქული გამოცემების ინფორმაციით, ბოლო მომენტში ქილერმა გადაწყვეტილება შეცვალა, ფეხბურთელის მხარე დაიჭირა და ემრე აშიკი სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა. ცნობისთვის, ემრე და იაგმური 2012 წელს დაქორწინდნენ და 3 შვილი ჰყავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები