არველაძის გუნდის სენსაციური გამარჯვება თურქეთის ჩემპიონთან
Aa
Aa

არველაძის გუნდის სენსაციური გამარჯვება თურქეთის ჩემპიონთან

თურქეთის სუპერლიგის 2020-21 წლების სეზონის მესამე ტურში ვატო არველაძის "ფათიჰ ქარაგუმრუქმა'' საკუთარ კედლებში თურქეთის მოქმედი ჩემპიონი ''ბაშაქშეჰირი'' 2:0 დაამარცხა. პირველი გოლი 47-ე წუთზე ჩილელმა ენცო როკომ გაიტანა. მეორე გოლი სლოვაკი ერიკ საბოს ანგარიშზეა.

ვატო არველაძე სათადარიგოთა სკამზე იჯდა და თამაშში 73-ე წუთზე ჩაერთო. 22 წლის შემტევმა საწყის ორ ტურში სასტარტოში ითამაშა, ამჯერად კი მეორე ტაიმში გამოჩნდა მინდორზე, როცა ანგარიში 1:0 იყო.

მეორე გოლი მასპინძლებმა კონტრშეტევის შემდეგ გაიტანეს: არველაძის, სენეგალელი ნდაოსა და საბოს კომბინაცია ამ უკანასკნელის გოლით დასრულდა.

მიმდინარე სეზონში საწყისი სამი ტურის შემდეგ ''ფათიჰ ქარაგუმრუქის'' ანგარიშზე 7 ქულაა. არველაძის გუნდი ''გალათასარაისა'' და ''ალანიასფორს'' 1 ქულით უსწრებს, თუმცა აღნიშნულ კლუბებს მესამე ტურის მატჩი ჯერ არ ჩაუტარებიათ.

შეგახსენებთ, ''ფათიჰ ქარაგუმრუქის'' ვიცე-პრეზიდენტი არჩილ არველაძეა.

"ფათიჰ ქარაგუმრუქი" 1926 წელს დაარსებული კლუბია, რომლის მფლობელიც სულეიმან ჰურმა გახლავთ. მას ტყუპ ძმებ არველაძეებთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს. კლუბი თურქული ფეხბურთის ელიტაში 36-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და იქ მე-3 სეზონს ატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები