''ფარერებზე ფეხბურთის წარმოუდგენელი პროგრესია'' - დინამოს დირექტორი უმძიმეს მარცხზე
Aa
Aa

''ფარერებზე ფეხბურთის წარმოუდგენელი პროგრესია'' - დინამოს დირექტორი უმძიმეს მარცხზე

საფეხბურთო კლუბ თბილისის ''დინამოს'' სპორტულმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ გადაცემაში ''სპორტი იმედზე'' ფარერის კუნძულებზე განცდილი მძიმე მარცხის შესახებ ისაუბრა.

ზაზა დოლიძე: ''როცა ტაბლოს ვუყურებდი, მეგონა რომ კოშმარულ სიზმარში ვიყავი და გავიღვიძებდი, მაგრამ რაც მოხდა, ეს რეალობაა. შოკიდან დღემდე ვერ გამოვედი.

როცა ანგარიში 1:0 იყო, გათანაბრების შემთხვევაში სულ სხვა თამაში წავიდოდა. მეორე გაშვებული გოლის შემდეგ გუნდმა ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია ვერ მოახერხა.

ჩვენს გუნდში დღეს საქართველოში საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ. საქართველოში უცხოელი ფეხბურთელი რომ ჩამოიყვანო, ძალიან ბევრი მოთხოვნა უნდა დაუკმაყოფილო.

6:1 არ ასახავს რეალობას, ეს არის კოშმარი. მივიღეთ ის, რასაც არანაირი ლოგიკით არ ვიმსახურებდით. 

მარცხი ძალიან ბევრმა ფაქტორმა განაპირობა. ვგულისხმობ უიღბლობას, მეტოქის შეუფასებლობას, ხელოვნურ საფარს. 

ეს არის შოკი. სეზონის დარჩენილ დროში თბილისის ''დინამოს'' ფეხბურთელებმა უნდა დაამტკიცონ, რომ ფარერების კუნძულებზე მარცხი შემთხვევითი იყო.

ფარერის კუნძულებზე ფეხბურთის წარმოუდგენელი პროგრესია. ჩემი შეცდომაა, რომ მატჩამდე არ შევისწავლე როგორი ვითარება იყო იქ ფეხბურთის განვითარების კუთხით.

იმ ქვეყანაში 60 000 ადამიანი ცხოვრობს და 22 სტადიონია. მათგან 5 700 რეგისტრირებული ფეხბურთელია. ეს ოფიციალური მონაცემებია. ეკონომიკური თვალსაზრისით ჩვენთან შედარებით ფარერის კუნძულებზე ათჯერ წინ არიან.

ის მეცხვარე კომბლით კი არ დადის... ის ადამიანები ქმნიან ეკონომიკას და ქვეყანას აშენებენ. ფარერის კუნძულებზე ერთ ადამიანზე მთლიანი შიდა პროდუქტი არის დაახლოებით 60 000 აშშ დოლარი, საქართველოში კი - 4 500. ფეხბურთის განვითარება მიყვება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. სამწუხაროდ, ჩვენ ამ პროცესის დასაწყისში ვართ.''

მასალაში გამოყენებულია Eliga.ge-ს ფოტო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები