ნინუას ლამაზი პასი - შემდეგი მატჩი ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფია
Aa
Aa

ნინუას ლამაზი პასი - შემდეგი მატჩი ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფია

თბილისის ''დინამოდან'' ბერძნულ პაოკ-ში ტრანსფერის შემდეგ ნიკა ნინუამ სალონიკური გუნდის სასტარტოში პირველად ''ვოლოსის'' წინააღმდეგ ითამაშა. 21 წლის ქართველმა პაოკ-ის რიგებში მხოლოდ მეორე მატჩი ჩაატარა. ნინუა სტანდარტულ მდგომარეობებს ასრულებდა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

პაოკ-ის პორტუგალიელმა მთავარმა მწვრთნელმა აბელ ფერეირამ ხუთი ცვლილება განახორციელა, თუმცა ქართველი ახალწვეული არ შუცვლია. ფერეირა ნინუას თამაშის ბოლომდე ენდო.

მეორე ნახევარში ნინუამ შესანიშნავი გადაცემა შეასრულა, ''ვოლოსის'' დაცვის ხაზი ''მოჭრა'' და თანაგუნდელი დიმიტრის პელკასი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, თუმცა ბერძენმა შემტევმა ვითარებით ვერ ისარგებლა. 

ანალოგიური სახის შორეული გადაცემა ''დინამოს'' ექს-კაპიტანმა პირველ ტაიმშიც განახორციელა, თუმცა VAR-მა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

პაოკ-მა საწყისი სამი ტურიდან 1 მოიგო და ორ შეხვედრაში ფრედ ითამაშა.

ბერძნული კლუბი შემდეგ მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე ჩაატარებს. ფლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში ნინუას გუნდი რუსულ ''კრასნოდარს'' უმასპინძლებს. პირველი შეხვედრა რუსეთში მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. საპასუხო დაპირისპირება 30 სექტემბერს შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები