''ფიფია ძალიან სუსტი მენეჯერია'' - კალაძემ დინამოს მარცხს სამარცხვინო უწოდა
Aa
Aa

''ფიფია ძალიან სუსტი მენეჯერია'' - კალაძემ დინამოს მარცხს სამარცხვინო უწოდა

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფარერის კუნძულების ''კლაკსვიკთან'' განადგურების შემდეგ თბილისის ''დინამოს'' მმართველის, რომან ფიფიას მიმართ საზოგადოების დიდი ნაწილი ძალიან კრიტიკულადაა განწყობილი. ამ თემაზე ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულმა, ''მილანის'' ექს-მცველმა და თბილისის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ ისაუბრა. მისი თქმით რომან ფიფია ძალიან სუსტი მენეჯერია. ამ თემაზე კალაძემ კომენტარი მერაბ მეტრეველის გადაცემაში, ''პოლიტ-ქალაქში'' გააკეთა.

''ფარერის კუნძულების გუნდთან მარცხი სამარცხვინო იყო. დიდი ისტორიის მქონე თბილისის ''დინამო'' დიდი ანგარიშით დამარცხდა. არ ვიცი ფეხბურთელებს რა დამოკიდებულება აქვთ, ვინც ამ გუნდში თამაშობს... ან ისტორიას გადახედონ, ან ნახონ ამ გუნდში რომელი ფეხბურთელები თამაშობდნენ... სხვა მიდგომები და სხვა დამოკიდებულებაა საჭირო... თან მარტო თბილისის ''დინამო'' ხომ არაა, საქართველოს ნომერ პირველი გუნდი ხარ და ქვეყანას წარმოადგენ...''

კითხვაზე როგორ შეაფასებდა რომან ფიფიას მოღვაწეობას, კალაძის პასუხი ასეთი იყო: ''ძალიან ცუდად.  ყოველგვარი პიროვნული დამოკიდებულების გარეშე, ფეხბურთიდან გამომდინარე ვამბობ, რომ ძალიან სუსტი მენეჯერია''.

შეგახსენებთ, უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფარერის კუნძულების მოქმედმა ჩემპიონმა ''კლაკსვიკმა'' საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი თბილისის ''დინამო'' 6:1 გაანადგურა. პირველი ტაიმი მასპინძლებმა დენი პავლოვიჩის ერთადერთი გოლით მოიგეს. მის გარდა თბილისური კლუბის კარში გოლები პატრიკ იოჰანესენმა და იონ იოჰანესენმა გაიტანეს, ხოლო პალ კლეტსკარდმა ჰეთ-თრიკი 13-წუთიან მონაკვეთში შეასრულა. ერთადერთი საპასუხო გოლი ბრაზილიელი ფეხბურთელის, პერნამბუკოს ანგარიშზეა, რომელმაც 71-ე წუთზე თავი გამოიჩინა და ანგარიში 4:1 გახდა, თუმცა შემდეგ მასპინძლებმა კიდევ ორი გოლი შეაგდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები