''ხვიჩამ ბალანსი უნდა დაიცვას'' - სლუცკი ქართველი ტალანტისგან მეტს ელის
Aa
Aa

''ხვიჩამ ბალანსი უნდა დაიცვას'' - სლუცკი ქართველი ტალანტისგან მეტს ელის

19 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ''რუბინის'' მაისურით პირველი გოლი ვოლგოგრადის ''როტორს'' გაუტანა. პირველი ტაიმი ''რუბინმა'' დესპოტოვიჩის გოლით მოიგო, მეორე ტაიმის დასაწყისში ''როტორის'' ფეხბურთელი მანუჩარიანი გააძევეს. 59-ე წუთზე კვარაცხელიამ ანგარიში ორამდე გაზარდა. 75-ე წუთზე კვარაცხელიამ პენალტი გამოიმუშავა, შატოვმა თერთმეტმეტრიანი გოლად აქცია და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:3.

მატჩის შემდეგ ''რუბინის'' მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა: ''გვესმის, რომ უპირატესობას ვფლობდით და საგოლე შანსები უნდა გამოგვეყენებინა, მაგრამ მე არ მომწონს, როცა 0:2-ის დროს გოლს ვუშვებთ და ინტრიგა ბრუნდება.

ხვიჩა კვარაცხელიამ უნდა დაიცვას ბალანსი დრიბლინგებსა და კომბინაციებს შორის. ის საკმაოდ პროდუქტიული იყო, გოლი გაიტანა, პენალტი მოიპოვა, მანუჩარიანმა ყვითელი ბარათი მასთან თამაშისას მიიღო და ის შემდეგ გააძევეს. ამ ფაქტორების მიუხედავად 10-კაციან ''როტორთან'' კვარაცხელიას მინიმუმ 5 საგოლე პასის გაკეთება შეეძლო, მაგრამ ასე არ მოიქცა. მას ამ კუთხით სამუშაო აქვს.

ბოლო პერიოდში ხშირად ისმის კითხვა კვარაცხელია ინდივიდუალურ თამაშს ზედმეტად დიდ ყურადღებას ხომ არ უთმობს. მატჩის მიწურულს ''როტორის'' დაცვაში თავისუფალი სივრცეები გაჩნდა და კვარაცხელიას შეეძლო გუნდისთვის პროდუქტიული ყოფილიყო, მაგრამ საგოლე პასი არ შეუსრულებია. ეს მისი მინუსია და ამ მხრივ უნდა იმუშავოს.

ასევე მინდა ვთქვა, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ფლანგურ შეტევებზე დიდ აქცენტს ვაკეთებთ, კვარაცხელიას როლი ძალიან მნიშვნელოვანია და მისი გარღვევები გუნდს ძალიან ეხმარება''.

რუსეთის პრემიერ ლიგის მე-10 ტურში ყაზანის ''რუბინი'' ''ახმატს'' უმასპინძლებს. საფეხბურთო დაპირისპირება 4 ოქტომბერს შედგება. აღნიშნული მატჩის შემდეგ კვარაცხელია სამშობლოში დაბრუნდება და ბელარუსთან უმნიშვნელოვანესი შეხვედრისთვის მოემზადება. შეგახსენებთ, 8 ოქტომბერს ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები ბელარუსს ''დინამო არენაზე'' უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები