„დიდი ანგარიშით დამარცხება ძალიან მტკივნეული იყო და ბოდიშს ვიხდით
Aa
Aa

„დიდი ანგარიშით დამარცხება ძალიან მტკივნეული იყო და ბოდიშს ვიხდით" - დინამოს ოფიციალური განცხადება

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფარერის კუნძულების „კლაკსვიკთან“ განადგურების შემდეგ თბილისის „დინამოსა“ და მისი მმართველის, რომან ფიფიას მიმართ საზოგადოების დიდი ნაწილი ძალიან კრიტიკულადაა განწყობილი. თბილისურმა კლუბმა ამ თემასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა და ქომაგთა კრიტიკას გამოეხმაურა.

„გვსურს გამოვეხმაუროთ გუშინ სკ დინამო თბილისის ხელმძღვანელობის მიმართ გამოთქმულ ზოგიერთ მოსაზრებას.

რომან ფიფია არის კლუბის მფლობელი და პრეზიდენტი. დღეისათვის კლუბის მართვას ახორციელებენ მაღალკვალიფიციური მენეჯერები, რომლებიც უზრუნველყოფენ კლუბისა და დინამოს ბავშთა საფეხბურთო აკადემიის გამართულ მუშაობას.

ფარერებზე უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩში ასეთი დიდი ანგარიშით დამარცხება ძალიან მტკივნეული იყო დინამოსთვის და გულშემატკივრებისთვის, რისთვისაც ბოდიშს ვიხდით. ჩვენ ვათვითცნობიერებთ და ვიღებთ ნებისმიერ ობიექტურ და ჯანსაღ კრიტიკას. ამასთანავე ამ მტკივნეული მარცხის განზოგადოება კლუბის მთელ საქმიანობაზე არასწორად მიგვაჩნია“, - წერია „დინამოს“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფარერის კუნძულების მოქმედმა ჩემპიონმა ''კლაკსვიკმა'' საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი თბილისის ''დინამო'' 6:1 გაანადგურა. პირველი ტაიმი მასპინძლებმა დენი პავლოვიჩის ერთადერთი გოლით მოიგეს. მის გარდა თბილისური კლუბის კარში გოლები პატრიკ იოჰანესენმა და იონ იოჰანესენმა გაიტანეს, ხოლო პალ კლეტსკარდმა ჰეთ-თრიკი 13-წუთიან მონაკვეთში შეასრულა. ერთადერთი საპასუხო გოლი ბრაზილიელი ფეხბურთელის, პერნამბუკოს ანგარიშზეა, რომელმაც 71-ე წუთზე თავი გამოიჩინა და ანგარიში 4:1 გახდა, თუმცა შემდეგ მასპინძლებმა კიდევ ორი გოლი შეაგდეს.

ფოტო - თბილისის დინამოს ფეისბუქ გვერდი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები