ჩაშლილი და გადადებული ტურნირები - პანდემიამ მოჭიდავეებს კალენდარი აურია
Aa
Aa

ჩაშლილი და გადადებული ტურნირები - პანდემიამ მოჭიდავეებს კალენდარი აურია

23-წლამდელთა შორის, საქართველოს პირველობა თავისუფალ და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობებში წლეულს აღარ გაიმართება.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის საქართველოს ახალგაზრდული პირველობის თაობაზე კი ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია უახლოეს მომავალში იმსჯელებს.

23-წლამდელებში, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში შიდა კონკურენცია 17-20 სექტემბერს, ბათუმის სპორტის სასახლეში უნდა გარკვეულიყო. იმავე დღეებში იყო დაგეგმილი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის საქართველოს ახალგაზრდული პირველობაც, მაგრამ ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გამო, შეჯიბრება ჩაიშალა. 

გაუქმდა, 23-წლამდელ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა საქართველოს პირველობაც, რომლისთვისაც 9-11 ოქტომბერს „ნიუთბილისის“ ფრენბურთის არენას უნდა ემასპინძლა.

23-წლამდელებში წლეულს აღარც მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება - ნოემბრის ბოლოს ფინეთში ჩასატარებელი შეჯიბრება მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებამ (UWW) უკვე ოფიციალურად ამოიღო 2020 წლის სატურნირო კალენდრიდან.

დეკემბერში, სერბეთის დედაქალაქმა ბელგრადმა მსოფლიოს ჩემპიონატებს უნდა უმასპინძლოს ახალგაზრდებსა (4-10 დეკემბერი) და უფროსებს (12-20 დეკემბერი) შორის. მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანება ამ შეჯიბრებების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ოქტომბერში მიიღებს, ბიუროს სხდომაზე.

გაიმართება თუ არა საქართველოს ახალგაზრდული პირველობა ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, UWW-ს ბიუროს სხდომის შემდეგ გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები