Aa
Aa

სფფ-ის განცხადება: "საბოლოო გადაწყვეტილებას მალე შეგატყობინებთ"

უეფა-მ მოახლოებულ სანაკრებო მატჩებზე გულშემატკივართა 30%-ის დაშვების გადაწყვეტილება მიიღო, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გუშინ საღამოს სპეციალური განცხადება გაავრცელა.

“შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, 26 მარტის საქართველო - ბელარუსის მატჩის ბილეთები ანულირებულია და გულშემატკივრებმა კუთვნილი თანხის დასაბრუნებლად TKT.ge-ს უნდა მიმართონ.

ბილეთების თანხის დაბრუნება შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში, 3 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით. ბილეთების დაბრუნების პროცედურასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია TKT.GE-სთან შეთანხმებით, 2 ოქტომბერს დღის ბოლომდე გაგაცნობთ.

რაც შეეხება 8 ოქტომბრის მატჩზე მაყურებლის დასწრების საკითხს, როგორც მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე, ქვეყანაში არსებული რეგულაციების თანახმად, ღია სივრცეში სპორტულ ღონისძიებაზე დაიშვება არაუმეტეს 200 ადამიანისა. უეფას გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებს შესაბამის სტრუქტურებთან თამაშზე მაყურებლის შეზღუდული რაოდენობით დაშვების თაობაზე. აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში შეგატყობინებთ”, - ნათქვამია სფფ-ის განცხადებაში.

საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებები 8 ოქტომბერს, „დინამო არენაზე“ ითამაშებენ. სტადიონის ტევადობისა და 30%-იანი რეგულაციის გათვალისწინებით, ტრიბუნებზე მაქსიმუმ 17-18 ათასი ადამიანის განთავსების შესაძლებლობა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები