ზიდანი:
Aa
Aa

ზიდანი: "ახალ ფეხბურთელებზე ბევრ ჭორს ვისმენ"

ლა ლიგის მორიგ ტურში დღეს მადრიდის "რეალი" "კადისს" დაუპირისპირდება. "ბლანკოსის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

"ჩვენ კარგად ვიცით, რომ დღევანდელი მატჩი ძალიან რთული იქნება და მაქსიმალურად ვეცდებით სასურველი შედეგის მიღწევას. მიზანი მხოლოდ გამარჯვება და სამი ქულის მოპოვებაა. ჩემს განკარგულებაში ორი კვირის მანძილზე 14 ფეხბურთელი არ იყო და მიხარია, რომ ისინი ჯანმრთელები დაბრუნდნენ, ეს კი ყველაზე მნიშვნელოვანია. უახლოეს პერიოდში ზედიზედ7 მატჩის ჩატარება გვიწევს და მაქსიმალურად კარგად უნდა მოვემზადოთ.

სეზონი გრძელი და საკმაოდ დატვირთულია. ჩემს ფეხბურთელებს დასვენების საშუალება არ აქვთ. როგორც უკვე გითხარით მოკლე პერიოდში ზედიზედ 7 მატჩის გამართვა გვიწევს. ამის შემდეგ ისევ სანაკრებო პაუზა იქნება. ასე, რომ დასვენების დრო თითქმის არ გვაქვს.

სასურველია, რომ თამაში გულშემატკივრების წინაშე გვიწევდეს, მაგრამ მათი არ ყოფნა პრობლემებს არ გვიქმნის. ხარისხი ისევ მაღალია და დადგენილ წესებს ვემორჩილებით. სხვანაირად შეუძლებელია.. თუ ისინი დაბრუნდებიან გამიხარდება, მაგრამ წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ყველაფერს უნდა შევეგუოთ.

გუნდში სამი მაღალი დონის მეკარე მყავს. პირველი, რა თქმა უნდა, ტიბო კურტუაა, მაგრამ დანარჩენები ყოველთვის მზად უნდა იყვნენ თამაშში ჩასართველად. 

ოდეგორმა ნაკრებში განსხვავებულ პოზიციაზე ითამაშა და თავი კარგად წარმოაჩინა. რაც შეეხება ჰოლანდს მასზე ბევრი ჭორი მესმის. ის ჩვენი ფეხბურთელი არ არის, მაგრამ ძალიან მომწონს.

როგორც ჰოლანდზე, ასევე მბაპეზეც ბევრი მითქმა-მოთქმა მესმის. ის შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ ამჟამად სატრანსფერო ფანჯარა დახურულია და მე მყავს შესანიშნავი კოლექტივი, რომლითაც ფონს გასვლა და როტაცია შემიძლია." - განაცხადა ზიდანმა

როგორც უკვე მოგახსენეთ, დღეს მადრიდის "რეალი" კადისს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 20:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები