ლამაზი პასი და აღიარება - რეალთან მატჩამდე ხოჭოლავა საუკეთესო იყო
Aa
Aa

ლამაზი პასი და აღიარება - რეალთან მატჩამდე ხოჭოლავა საუკეთესო იყო

უკრაინის პრემიერ ლიგის გასულ ტურში დონეცკის ''შახტარმა'' გია ცეცაძის გაწვრთნილი ''ლვოვი'' 5:1 გაანადგურა. InStat-ის მონაცემებით მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად გამარჯვებულთა ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავა დასახელდა. მისმა პროდუქტიულობის მაჩვენებელმა 345 ქულა შეადგინა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა საგოლე შეტევაში მიიღო მონაწილეობა. მე-18 წუთზე მისი შორეული გადაცემის შემდეგ ვიქტორ კოვალენკომ შანსი გამოიყენა და ანგარიში 4:0 გახდა. სავარაუდოდ, ხოჭოლავას საგოლე პასს არ ჩაუთვლიან, ვიდრე ბურთს კოვალენკო მიიღედა, ''ლვოვის'' ფეხბურთელი ბურთს მცირედით შეეხო. მიუხედავად ამისა, ხოჭოლავას პასით ლამაზი შეტევა გამოვიდა.

27 წლის დავით ხოჭოლავა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის საწყის 4 ტურში სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თუმცა უკანასკნელი ორი მატჩი სასტარტოში შეუცვლელად ჩაატარა.

შემდეგ შეხვედრას დონეცკის ''შახტარი'' სტუმრად, ''სანტიაგო ბერნაბეუზე'' ზინედინ ზიდანის გაწვრთნილ მადრიდის ''რეალთან'' ჩაატარებს. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრა 21 ოქტომბერს გაიმართება.

დავით ხოჭოლავა: ''რეალთან'' მატჩი ძალიან რთული იქნება. იმედი გვაქვს, რომ ლიდერები დაგვიბრუნდებიან. მათთან ერთად წარმატების მეტი შანსი გვაქვს. ლიდერები გვჭირდება.''

ხოჭოლავამ უკრაინულ მედიასთან გია ცეცაძის შესახებაც ისაუბრა: ''მას ბავშვობიდან ვიცნობ. ძალიან თბილი შეხვედრა გვქონდა. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მოხარული ვარ, რომ ვნახე''.

გია ცეცაძის გუნდი უმძიმეს კრიზისშია. მისმა გუნდმა ხუთ მატჩში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა და 17 გაუშვა. ''ლვოვი'' 1 ქულით ჩემპიონატის აუტსაიდერია. ცეცაძის გუნდმა ერთადერთი ქულა ლვოვურ დერბიში ''რუხის'' წინააღმდეგ თამაშისას მოიპოვა.

''შახტარი'' 12 ქულით მესამე ადგილზეა. ხოჭოლავას გუნდი კიევის ''დინამოსა'' და ''ვორსკლას'' 2-2 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები