„მეტოქე მას ყველა ასპექტში სჯობს
Aa
Aa

„მეტოქე მას ყველა ასპექტში სჯობს" - Mmmamania ლიანა ჯოჯუას მარცხს უწინასწარმეტყველებს

MMA-ის სამყაროში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ვებგვერდმა, Mmmamania.com-მა UFC 254-ის ფარგლებში გასამართი ბრძოლების შესახებ ისაუბრა. როგორც მოგეხსენებათ, ამ ღონისძიებაზე ლიანა ჯოჯუა იჩხუბებს და Mmamania-მ მასსა და მის მეტოქეზეც დაწერა.

„2018 წელს ლიანა ჯოჯუამ მარინა მოხნატკინა დაამარცხა და Fight Nights Global-ის საჩემპიონო ქამარს დაეუფლა, თუმცა 18 თვის შემდეგ, UFC-ში გამართულ სადებიუტო ბრძოლაში იგივე ვერ გაიმეორა და სარა მორასთან წააგო. ჯოჯუა ოქტაგონს ივლისში დაუბრუნდა. მან დიანა ბელბიტა არმბარის ილეთით დაამარცხა და ბოლო 7 შერკინებაში მე-6 გამარჯვება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ჯოჯუამ კარიერაში მტკივნეული ან მახრჩობელა ილეთით 6-ჯერ იმარჯვა და 5-ჯერ სწორედ ზემოთ ხსენებული არმბარი გამოიყენა.

ქართველი მებრძოლი UFC 254-ის ფარგლებში მირანდა მავერიკს დაუპირისპირდება და მსუბუქად რომ ვთქვათ, ამ შერკინებაში ჯოჯუა ფავორიტი ნამდვილად არ იქნება. მავერიკი უკეთესი სტრაიკერია და მეტოქეს პარტერშიც სჯობს, რაც ჯოჯუას მიერ მტკივნეული ან მახრჩობელა ილეთით მოპოვებული გამარჯვების შანსს ამცირებს. მავერიკს პარტერში ბრძოლისას, როგორც შეტევაში, ისე დაცვაში საკმაოდ დიდი არსენალი აქვს და მოწინააღმდეგეს ამ მხრივაც სჯობს.

ჯოჯუა თავის შანსს უნდა დაელოდოს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა მეტოქემ მას ამის უფლება მისცეს. მავერიკი ყველა ასპექტში დომინირებს და გამარჯვებას აუცილებლად მოიპოვებს“.

შეგახსენებთ, რომ მავერიკი UFC-ში სადებიუტო ბრძოლას ატარებს და მის ანგარიშზე 7 მოგება და 2 მარცხია. ჯოჯუას კი 11-დან 8 ბრძოლა აქვს მოგებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები