დაპირისპირება ბარსელონაში - პიკემ თანაგუნდელები განარისხა
Aa
Aa

დაპირისპირება ბარსელონაში - პიკემ თანაგუნდელები განარისხა

გავლენიანი ესპანური გამოცემა, Marca იუწყება, რომ „ბარსელონაში“ კონფლიქტი წარმოიშვა და დაპირისპირება ხერარდ პიკემ გამოიწვია, რომელმაც თანაგუნდელების ზურგს უკან კლუბთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა.

„კამპ ნოუს“ ბინადრებს კორონავირუსის პანდემიის გამო ფინანსური პრობლემები აქვთ და ხოსეპ მარია ბარტომეუ ყველაფერს აკეთებს, რათა პრეზიდენტობის ბოლო თვეებში ფინანსები დააბალანსოს. უახლოეს დღეებში ბარტომეუს მთავარი მიზანი „ბარსას“ ფეხბურთელების დათმობებზე წასვლაზე დაყოლიება იქნება. „ბლაუგრანას“ პირველ პირს სურს, მოთამაშეებმა ხელფასის 25 პროცენტით შემცირებაზე და ამ თანხის კონტრაქტის ბოლო წლებში მიღებაზე თანხმობა განაცხადონ.

ესპანური პრესის მიხედვით, ბარტომეუს გეგმა კლუბის მომდევნო პრეზიდენტისთვის სერიოზული პრობლემა იქნება. ფეხბურთელთა უმრალესობამ კი ხელფასის დაკლებაზე კატეგორიული უარი განაცხადა და ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც, ამ თემაზე კლუბის დირექტორთა საბჭოსთან მოლაპარაკებებს არ გამართავდა.

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ, „ბარსამ“ კონტრაქტი 4 ფეხბურთელს, პიკეს, ტერ შტეგენს, ლენგლესა და დე იონგს გაუხანგრძლივა. ტერ შტეგენმა და დე იონგმა მოთამაშეების მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებაში მონაწილეობაზე უარი თავიდანვე თქვეს. აი, პიკეს რაც შეეხება, მან დოკუმენტს ხელი მოაწერა, მაგრამ საკუთარ სიტყვას უღალატა და „ბარსასთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებით ბარტომეუს დათანხმდა, რამაც მისი თანაგუნდელები განარისხა.

„ბლაუგრანა“ ფეხბურთელებთან ხელფასის შემცირების თაობაზე მოლაპარაკებებს დღეს დაიწყებს და Marca-ს ცნობით, გასაკვირი არაა, რომ გუშინ კლუბმა 4 გარიგების შესახებ გამოაცხადა. ესპანური გამოცემის მიხედვით, მოთამაშეები ამ მოლაპარაკებებზე დასწრებას არ აპირებდნენ, მაგრამ გუშინდელის შემდეგ გუნდში ერთიანობა დაირღვა. ბარტომეუ „დაყავი და იბატონე“-ს პრინციპს მიჰყვება და როგორც ჩანს, თავისი გააქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები