მიქაუტაძეს ახალი გამოწვევა - ბორჯღალოსანი კარიერას
Aa
Aa

მიქაუტაძეს ახალი გამოწვევა - ბორჯღალოსანი კარიერას "ბეიონში" გააგრძელებს

ბორჯღალოსანთა მეორეხაზელმა კოტე მიქაუტაძემ, ტოპ 14-ის ‘ბეიონთან’ სამთვიანი კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა.

29 წლის ‘ტულონისა’ და ‘მონპელიეს’ ყოფილმა მორაგბემ, აქილევსზე გაკეთებული ურთულესი ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაცია დაასრულა და ახალ გუნდს „სამედიცინო ჯოკრის“ სტატუსით შეუერთდება. 

ბედნიერი ვარ, რომ ‘ბეიონს’ შევუერთდი. გასული წელი ჩემთვის რთული გამოდგა, რადგან მძიმე ტრავმა მივიღე და მოხარული ვარ, რომ ტოპ 14-ში ახალი კლუბი მოვნახე. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი გამოცდილებით ‘ბეიონს’ სარგებელი მოვუტანო. ეს არის ლამაზი რეგიონი და ლამაზი კლუბი, დიდებული ისტორიით და ვნებიანი გულშემატკივრით. ახალი კლუბის მაისურით თამაშს მოუთმენლად ველი“ – განაცხადა მიქაუტაძემ, რომლის ანგარიშზე 64 კეპი და ორი სანაკრებო ლელოა.

კოტეს დამატებით კმაყოფილია ‘ბეიონის’ მთავარი მწვრთნელი იანიკ ბრუ:

მიქაუტაძე დიდი გამოცდილების მქონე მორაგბეა, რომელმაც ‘ტულონთან’ ერთად არაერთი ტიტული მოიპოვა, შემდეგ კი ‘მონპელიეში’ გადავიდა. ის არის ძლიერი მეორეხაზელი, ძლიერი მიმწოლი, რომელიც ჩვენს შერკინებას ძალას, სიმტკიცეს და გამოცდილებას შემატებს. ამჟამად გუნდში ბევრი ტრავმირებული მორაგბე გვყავს და ასეთი ტიპის მოთამაშეები განსაკუთრებით გვჭირდება. ვიმედოვნებთ, რომ კოტე კარგი მაგალითი იქნება ჩვენი ახალგაზრდა მორაგბეებისთვის”.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები