შოტლანდია vs საქართველო - ბორჯღალოსნების შემადგენლობა ცნობილია
Aa
Aa

შოტლანდია vs საქართველო - ბორჯღალოსნების შემადგენლობა ცნობილია

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, 23 ოქტომბერს „მარიფილდზე“, შოტლანდიის ნაკრებთან გასამართი ტესტ-მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.23-კაციან რაზმში ერთი დებიუტანტია – ‘ბორდოს’ 28 წლის მარჯვენა ბურჯი ლექსო ყაულაშვილი, რომელსაც მარცხენა ბურჯადაც შეუძლია თამაში. ის სასტარტო შემადგენლობაშია და მიხეილ ნარიაშვილს შეუწყვილდება, ხოლო კვაჭი ჯაბა ბრეგვაძეა, რომელსაც 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, ბორჯღალოსნების კვართით არ უთამაშია. მეორე ხაზში ნოდარ ჭეიშვილი და გრიგორ ქერდიყოშვილი დადგებიან, მესამე ხაზში კი თამაშს ოთარ გიორგაძე, ბექა საღინაძე და ბექა გორგაძე იწყებენ. 9-10 ნომრებზე თამაშს ნაცადი წყვილი, ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე იწყებენ. ცენტრში ბრუნდება გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და ის დემე თაფლაძეს შეუწყვილდება. ფრთაზე გამოცდილ სანდრო თოდუასა და ახალგაზრდა ტაბუცაძეს ვიხილავთ, რომელმაც ორ თამაშში 5 ლელოს გატანა მოახერხა. ფულბეკი სოსო მათიაშვილი იქნება. გამოცდილი და შედარებით ახალგაზრდა მორაგბეების ნაზავია მარქაფაშიც.

დანაკლისისა და შემადგენლობის შესახებ ლევან მაისაშვილმა ისაუბრა: „თუ არ ჩავთვლით ტრავმირებულ მოთამაშეებს, ოპტიმალური შემადგენლობა შევარჩიეთ. ბექა გიგაშვილმა ფინალი ტრავმირებული ფეხით ითამაშა, თუმცა მე არ ვაპირებ ჩემი მორაგბეების რისკის ქვეშ დაყენებას. მას ფეხი ახლაც აწუხებს. დებიუტი ექნება ლექსო ყაულაშვილს, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია და ამ მოკლე პერიოდში, გუნდის მზადების პროცესში კარგად ჩაერთო. ვარჯიშზე ფეხი დაიზიანა ლაშა ხმალაძემ. ტრავმა სერიოზული არაა, თუმცა ამ თამაშს გამოტოვებს. გვყავს მობილური და სწრაფი მესამე ხაზი. შეცვლაზეა გიორგი ჯავახია, რომელიც ნაკრებში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ითამაშებს. ის კარგ ფიზიკურ ფორმაშია. მთლიანობაში, მარქაფაში ისეთი მორაგბეები არიან, რომლებმაც გუნდში ენერგია უნდა შემოიტანონ. მიუხედავად იმისა, რომ მოსამზადებლად მცირე დრო გვქონდა, ვთვლი, რომ ოპტიმალურად მოვახერხეთ შეტევისა და დაცვის სქემების გავლა და თუ უთამაშებლობამ თავი არ იჩინა, კარგი და საინტერესო თამაში გამოგვივა. ამ ეტაპზე შოტლანდიასთან მატჩზე ვართ კონცენტრირებული და რუსეთთან მატჩის გადადებას შემადგენლობის შერჩევაზე არანაირი გავლენა არ ქონია. რუსეთთან შეხვედრა განიხილებოდა მოსამზადებელ ეტაპად „რვა ერისთვის“. ვგეგმავდით, რომ შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ განგვეხორციელებინა ცვლილებები. ასევე ცუდია ის, რომ შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ, იძულებული ვართ ლეგიონერები კლუბებში გავუშვათ. ფაქტობრივად, ორკვირიანი შეკრება წყალში ჩაგვივარდა. დანარჩენი მორაგბეები საქართველოში ვბრუნდებით და მზადებას ადგილზე გავაგრძელებთ, ინგლისთან თამაშამდე კი, სრულფასოვნად მოსამზადებლად არასრული ერთი კვირა გვექნება.“ 

 დღესვე გახდა ცნობილი შოტლანდიელთა შემადგენლობაც.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები