ცხადაძის წარმატებული სერია, კანკავას აღიარება და ლობჯანიძის შთამბეჭდავი შედეგიანობა
Aa
Aa

ცხადაძის წარმატებული სერია, კანკავას აღიარება და ლობჯანიძის შთამბეჭდავი შედეგიანობა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ექს-მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე ყაზახეთში წარმატებით მუშაობს. აგვისტოს თვეში ევროპა ლიგაზე რუმინულ ''ბოტოშანთან'' მარცხის შემდეგ ''ორდაბასი'' ყაზახეთის პრემიერ ლიგაში ''ასტანასთან'' და ''ქაირათთან'' დამარცხდა, თუმცა შემდეგ ცხადაძის ხელმძღვანელობით ''ორდაბასიმ'' კრიზისი დაძლია.

უკანასკნელ 6 შეხვედრაში ქართველი სპეციალისტის გუნდმა 4 მატჩი მოიგო და 2 შეხვედრა ფრედ დაასრულა. მე-14 ტურში ''ორდაბასიმ'' შინ ''ჟეტისუ'' 3:1 დაამარცხა. ავტორიტეტულმა ყაზახურმა გამოცემამ, Sports.kz-მ ცხადაძე ტურის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა.

ამ ეტაპზე ''ორდაბასი'' 24 ქულით მესამე ადგილზეა, ცხადაძის გუნდმა 14 მატჩი ჩაატარა. მეორე პოზიციაზე მყოფმა ''ასტანამ'' 24 ქულა 13 შეხვედრაში მოაგროვა. პირველ ადგილს ცხადაძის ყოფილი გუნდი ''ქაირათი'' 35 ქულით იკავებს.

აღნიშნულმა გამოცემამ ტურის სიმბოლურ გუნდში საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა და ''კაისარის'' ფორვარდი ელგუჯა ლობჯანიძე შეიყვანა. კანკავას შესახებ გამოცემა წერს, რომ ქართველმა საყრდენმა მოედნის ცენტრში ამჯერადაც ძალიან დიდი სამუშაო შეასრულა. ''ტობოლი'' მინიმალური სხვაობით ''ასტანასთან'' დამარცხდა, თუმცა 34 წლის ძალიან გამოცდილი მოთამაშე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

ნიკა კვეკვესკირისა და ჯაბა კანკავას ''ტობოლი'' 23 ქულით მეოთხე ადგილზეა და გამოტოვებული მატჩის მოგების შემთხვევაში საუკეთესო სამეულში ვიხილავთ.

რაც შეეხება ''კაისარის'' თავდამსხმელს, ლობჯანიძემ გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. საქართველოს ეროვნული გუნდის თავდამსხმელმა ყარაგანდის ''შახტიორთან'' საგოლე პასი შეასრულა და მიმდინარე სეზონში ყაზახეთის პრემიერ ლიგაში რიგით მე-7 გოლი შეაგდო.

ლობჯანიძის მე-7 გოლი 

ლობჯანიძე ბომბარდითა დავაში მხოლოდ ორ ფეხბურთელს ჩამორჩება. პირველ ადგილს ''ორდაბასის'' ბრაზილიელი თავდამსხმელი ჟოაუ პაულუ და ''ქაირათის'' შემტევი აბატ აიმბეტოვი 8-8 გოლით იკავებენ. ასე რომ, ლობჯანიძეს საუკეთესო ბომბარდირის პრიზის მოპოვების ძალიან რეალური შანსი აქვს. აღსანიშნავია, რომ მან 7 გოლის გატანა 12 შეხვედრაში შეძლო და კიდევ ერთი გოლი ევროპა ლიგაზე კვიპროსულ ''აპოელს'' შეუგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები