„ეს ყოვლად მიუღებელი და შოკისმომგვრელია
Aa
Aa

„ეს ყოვლად მიუღებელი და შოკისმომგვრელია" - პიკემ ბარსას მმართველები გააკრიტიკა

„ბარსელონას“ უკანახაზელმა ხერარდ პიკემ La Vanguardia-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და რამდენიმე საინტერესო საკითხის შესახებ ისაუბრა.

ბარტომეუსთან ურთიერთობაზე

„არავისთან დაპირისპირება არ მიყვარს, მაგრამ იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ამას გვერდი ვერ ავუარე. ჩემთვის, როგორც ბარსას ფეხბურთელისთვის, მიუღებელია, როცა კლუბმა ფული დახარჯა, რათა გაეკრიტიკებინა არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებსაც ბარსელონასთან გარკვეული კავშირი აქვთ, არამედ მოქმედი ფეხბურთელებიც. ახლა კი ამ ფულს ჩვენ გვთხოვენ. (როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხოსეპ მარია ბარტომეუს სოციალური ქსელებისთვის ე.წ. „ბოტების ქარხანა" აქვს, რომელთა მეშვეობითაც სოციალურ სივრცეს აკონტროლებს. ბარსას ხელმძღვანელობამ კომპანია I3 Ventures-ი დაიქირავა, რომელსაც ყალბი ანგარიშების შექმნა და ბარტომეუს მხარდამჭერი კამპანიის წარმოება დაევალა.)

სოციალურ ქსელებთან დაკავშირებული თემის შესახებ ბარტომეუს ახსნა-განმარტება ვთხოვე და მან ასეთი რამ მითხრა: „ხერარდ, ამის შესახებ არაფერი ვიცოდი“. ბარტომეუს სიტყვები დავიჯერე, მაგრამ ამის შემდეგ ვხედავ, რომ ადამიანი, რომელმაც ეს კომპანია დაიქირავა, კვლავ ბარსელონაში მუშაობს. (პიკე ხაუმე მასფერერზე საუბრობს, რომელიც ბარტომეუს მარჯვენა ხელი გახლავთ) ეს ძალიან მტკივნეულია. ამაზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ ადრე ბარტომეუს ამ თემაზე პირადად ველაპარაკე. რა გინდათ, რომ გითხრათ? მტკივნეულია თუ არა? ძალიან! შემიძლია თუ არა რამის გაკეთება? არა“!

მესის ბიუროფაქსზე

„იმ პერიოდში მესისთან ხშირი კონტაქტი არ მქონია, რადგან ეს გადაწყვეტილება ძალიან პირადული იყო. მახსოვს, რომ ერთი წერილი გავუგზავნე: „ლეო, ერთი წელიწადი დარჩა, შემდეგ ახალი ხალხი მოვა“. ლეო არჩევანის გაკეთების უფლებას ნამდვილად იმსახურებდა და თუ მოისურვებდა, რომ გუნდი დაეტოვებინა, პრეზიდენტის ადგილას სხვანაირად მოვიქცეოდი. ვალდებული ხარ, რომ ფეხბურთელს, რომელმაც 16 წლის განმავლობაში კლუბს ამდენი რამ მისცა, ყველა ვარიანტში შეუთანხმდე.

ჩემს თავს ვეკითხები... როგორ მოხდა, რომ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი, რომლის თამაშიც ხილვაც უდიდესი სიამოვნებაა, ერთ დღეს იღვიძებს და კლუბს ბიუროფაქსს უგზავნის, რადგან გრძნობს, რომ მას არ უსმენენ. ეს შოკისმომგვრელია. რა ხდება? ლეო ყველაფერს იმსახურებს. ახალი სტადიონი მისი სახელობის უნდა იყოს. ჩვენ ჩვენი ხალხის დისკრედიტაცია კი არ უნდა მოვახდინოთ, ისინი უნდა დავიცვათ. მიკვირს, ისეთი ადამიანები, როგორებიც გუარდიოლა, ჩავი, პუიოლი და ვალდესი არიან, კლუბში რომ არ მუშაობენ. ეს ნიშნავს, რომ რაღაც რიგზე ვერაა. ასეთი ადამიანები აუცილებლად უნდა შეინარჩუნო. ისინი ბარსას ისტორიის ნაწილები არიან და მათ ბარსელონა დიად კლუბად აქციეს“.

ხელფასების დაკლებაზე

„როგორც კაპიტანი, გუნდის ინტერესებს ვიცავ და გადავწყვიტე სხვა ფეხბურთელებთან ერთად გამეფორმებინა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ხელფასის შემცირების თაობაზე კლუბის დირექტორთა საბჭოსთან მოლაპარაკებებს არ გავმართავდი. მთელი გუნდი ერთ აზრზე იყო, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ ერთიანობა დაირღვა. ეს მაშინ მოხდა, როცა ფეხბურთელები სანაკრებო პაუზის გამო ბარსელონაში არ იმყოფებოდნენ და გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ყველა ფეხბურთელს შეუძლია, კლუბის შეთავაზება მიიღოს. სხვა საქმეა, როცა ისინი გაიძულებენ ეს ნაბიჯი გადადგა და იყენებენ გზებს, რომლებიც ბარსაში გამოიყენეს“.

კონტრაქტის გახანგრძლივებაზე

„კლუბის წარმომადგენლები დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ პანდემიამ ბარსელონა დააზარალა და ასეთ ვითარებაში ბლაუგრანა ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას. ბარსამ ყველაფერი მომცა და მათ წინადადებას დავთანხმდი“.

შეგახსენებთ, რომ ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ირკვევა, რომ „ბარსელონაში“ კონფლიქტი წარმოიშვა და დაპირისპირება ხერარდ პიკემ გამოიწვია, რომელმაც თანაგუნდელების ზურგს უკან კლუბთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა. პიკემ თანაგუნდელებთან ერთად ხელშეკრულება გააფორმა, რომ კლუბის მმართველი საბჭოს წევრებთან მოლაპარაკებებს არ გამართავდა, მაგრამ საკუთარ სიტყვას უღალატა და „ბარსასთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებით ბარტომეუს დათანხმდა, რამაც მისი თანაგუნდელები განარისხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები