''ჩვენი კარნახით თამაში მცირე ხანს გაგრძელდა'' - მაისაშვილი მძიმე მარცხის მიზეზებზე
Aa
Aa

''ჩვენი კარნახით თამაში მცირე ხანს გაგრძელდა'' - მაისაშვილი მძიმე მარცხის მიზეზებზე

საქართველოს რაგბის ნაკრებმა დიდხნიანი პაუზის შემდეგ, პირველი მატჩი გამართა და ამხანაგურ შეხვედრაში, რომელსაც „მარიფილდმა" უმასპინძლა, შოტლანდიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა. „სკოტები“ ფავორიტებად მოიაზრებოდნენ და „ბორჯღალოსნებს“ შეტევაში, დერეფნის მოგებაში და მოლის აგორებაში კარგი გაკვეთილი ჩაუტარეს. მასპინძლებმა დამაჯერებლად იასპარეზეს და მეტოქეს 48-7 აჯობეს.

მატჩის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა თამაში შეაფასა. მის კომენტარს საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

„რა თქმა უნდა კმაყოფილები ვერ ვიქნებით. დიდი ხანია არ გვითამაშია და ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. ამდენს არ ველოდით. დებიუტშივე დავუშვით შეცდომები, რომლებმაც თამაშის მართვის სადავეები ხელიდან გამოგვაცალა. მეორე ტაიმის დასაწყისში, მცირე ხნით შევძელით ის, რომ თამაში ჩვენი კარნახით წასულიყო, თუმცა ეს ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა. ბევრჯერ დავჯარიმდით, ბურთს და ტერიტორიას თითქმის ვერ ვაკონტროლებდით და ეს ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა.

მეტოქე აშკარად დომინირებდა მოლში, რასაც ორი მიზეზი აქვს. მოსამზადებელ ეტაპზე სრული შემადგენლობით სულ ორჯერ ვივარჯიშეთ და ამ კომპონენტს სათანადო ყურადღება ვერ დავუთმეთ. გარდა ამისა, შემადგენლობაში ცვლილებებია, ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს, განსაკუთრებით მეორე ხაზში და ამ ეტაპზე ეს მოსალოდნელი იყო. მიუხედავად ამისა, არ ვთვლი, რომ მოლი ჩვენი სუსტი მხარეა. სამუშაო ნამდვილად გვაქვს და მიმაჩნია, რომ მომავალ მატჩებში ბევრად უკეთ ვითამაშებთ.

ასეთი თამაშები კარგია, რათა დავინახოთ სხვაობა რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და უმაღლესი დონის გუნდებს შორის“.

ფოტო: FOTOSPORTUK/David Gibson

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები