9 მარცხი და 0 გამარჯვება: ცეცაძემ უკრაინული კლუბი დატოვა
Aa
Aa

9 მარცხი და 0 გამარჯვება: ცეცაძემ უკრაინული კლუბი დატოვა

უკრაინის პრემიერ ლიგის კლუბის, ''ლვოვის'' მთავარი მწვრთნელის პოსტი ქართველმა სპეციალისტმა გია ცეცაძემ დატოვა. ინფორმაციას ლვოვური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.

უკრაინული კლუბი 46 წლის ქართველს წარმატებებს უსურვებს.

ცეცაძე ''ლვოვის'' მთავარი მწვრთნელი მიმდინარე წლის ივნისის თვეში გახდა.  გასული და მიმდინარე სეზონის ჩათვლით მისი ხელმძღვანელობით ''ლვოვმა'' 12 მატჩი ჩაატარა, გამარჯვება არ მოუპოვებია, სამი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო დანარჩენ 9 მატჩში ცეცაძის ფეხბურთელები დამარცხდნენ, მათ შორის გამორჩეულ უკრაინულ კლუბებთან, დონეცკის ''შახტართან'' და კიევის ''დინამოსთან''.

მიმდინარე სეზონში ''ლვოვმა'' პრემიერ ლიგის 6 მატჩში მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა, 3 გოლი შეაგდო და 20 გაუშვა. აღნიშნულ პოსტზე ცეცაძისთვის უკანასკნელი მატჩი ''დნიპრო-1''-თან შედგა. ლვოვური გუნდი შინ 1:3 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ ცეცაძემ განაცხადა: ''ძალიან ცუდად ვითამაშეთ, არაფერი გამოგვივიდა. პოსტს ვტოვებ, ყველას დიდი მადლობა. მე მივდივარ''.

ცეცაძეს ასისტენტობას ქართველი სპეციალისტი თემურ ლორთქიფანიძე უწევდა.

მიმდინარე სეზონის დაწყებამდე ცეცაძეს ''ლვოვში'' კიდევ ერთი ქართველის, პორტუგალიური ''ნასიონალის'' ფეხბურთელის, გიორგი არაბიძის იჯარით წაყვანა სურდა, თუმცა მხარეები ფინანსურ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ. არაბიძე კვლავ პორტუგალიურ კლუბში ირიცხება, თუმცა სამატჩო განაცხადშიც ვერ ხვდება.

რაც შეეხება ცეცაძის განვლილ კარიერას, მან საქართველოს 19-წლამდე ნაკრებსა და ''სამტრედიაში'' ძალიან წარმატებით იმუშავა. მისი ხელმძღვანელობით 19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვდა, ხოლო იმერულმა კლუბმა საქართველოს ჩემპიონობა იზეიმა და ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზა.

ფოტო: pfclviv.com

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები