მიქაუტაძის ბრწყინვალე პასი, გამოუყენებელი პენალტი და ტრადიციული სიმღერა
Aa
Aa

მიქაუტაძის ბრწყინვალე პასი, გამოუყენებელი პენალტი და ტრადიციული სიმღერა

ბელგიის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-8 ტურში ''სერენმა'' საკუთარ კედლებში ''ლომელი'' 1:0 დაამარცხა. გამარჯვებულთა შემადგენლობაში ქართული ფესვების მქონე ჟორჟ მიქაუტაძემ სასტარტო თერთმეტეულში ითამაშა, თუმცა ამჯერად გოლი არ გაუტანია. მთავარმა მწვრთნელმა 19 წლის ტალანტი 90-ე წუთზე შეცვალა.

მიქაუტაძემ, რომელიც ბელგიის რანგით მეორე ლიგის ბომბარდირთა დავას 14 ქულით ლიდერობს და უშუალო კონკურენტს 7 გოლით უსწრებს, 27-ე წუთზე თანაგუნდელის მისამართით შესანიშნავი გადაცემა შეასრულა, დაცვის ხაზი ''მოჭრა'' და აბდელჰაბიდ საბრი მეკარესთან პირისპირ დატოვა, თუმცა მან შანსი ვერ გამოიყენა.

მიქაუტაძის შესანიშნავი პასი

43-ე წუთზე მიქაუტაძეს გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა თერთმეტმეტრიანი ძალიან ცუდად შეასრულა, ბურთი კარს დიდი მანძილით ასცდა.

გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი

ამ მატჩამდე მიქაუტაძეს მხოლოდ ერთ მატჩში არ ჰქონდა გოლი გატანილი, ახლა კი 8 ტურიდან 2 მატჩში მოედანი უგოლოდ დატოვა, თუმცა ექვსი შეხვედრიდან გამომდინარე მისი შედეგიანობა ძალიან შთამბეჭდავია. მის ანგარიშზე ერთი პოკერი, ორი ჰეთ-თრიკი და ერთი დუბლია. გარდა ამისა, ორ შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი შეაგდო.

''ლომელთან'' მატჩის შემდეგ ''სერენის'' ფეხბურთელებმა გამარჯვება ტრადიციული სიმღერით აღნიშნეს. ისევე როგორც მოედანზე, სიმღერის დროსაც მიქაუტაძე მთავარი მოქმედი პირია.

ტრადიციული სიმღერა

შეგახსენებთ, წარმოშობით ქართველ ფეხბურთელს კონტრაქტი ფრანგულ ''მეცთან'' აკავშირებს. გასულ ზაფხულში ''სერენში'' იჯარით გადავიდა და ჩატარებულ 8 მატჩში გუნდს დიდი სარგებელი მოუტანა.

ბელგიის რანგით მეორე ლიგაში ''სერენი'' 18 ქულით პირველ ადგილზეა და ელიტაში აღზევების მთავარი კანდიდატია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები