მუშაობა მშენებლობაზე, სიმსივნე და ნიუკასლი - ფრანგი ფეხბურთელის საოცარი ისტორია
Aa
Aa

მუშაობა მშენებლობაზე, სიმსივნე და ნიუკასლი - ფრანგი ფეხბურთელის საოცარი ისტორია

„ნისლიან ალბიონზე“ სატრანსფერო ფანჯარა რამდენიმე დღის წინ დაიხურა, მაგრამ „ნიუკასლის“ ახალგაზრდულ გუნდში მატებაა. „კაჭკაჭებმა“ 23 წლის ფრანგი ფეხბურთელი, ფლორან ინდალესიო გაიფორმეს. ბიჭი, რომელმაც სინჯებზე ულამაზესი გოლი გაიტანა და თავისი თამაშით „ნიუკასლის“ წარმომადგენლების სიმპათიები დაიმსახურა.

იცით, ყველაზე საინტერესო რა არის? ინდალესიოს ცხოვრება ერთი დიდი შთამაგონებელი ისტორიაა, რომელიც გვარწმუნებს, რომ საკუთარი მიზნების მისაღწევად ბრძოლა არასდროს უნდა შევწყვიტოთ.

ფრანგი ფეხბურთელი 15 წლამდე „სენტ ეტიენის“ აკადემიაში თამაშობდა, თუმცა დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გუნდიდან გარიცხეს. მოგვიანებით, მას ძვლის სიმსივნე დაუდგინდა და ფეხბურთის თამაში საერთოდ შეწყვიტა. მკურნალობისა და სარეაბილიტაციო პერიოდის გრძელი კურსის შემდეგ, ფლორანი ფეხბურთს დაუბრუნდა. თავდაპირველად, იგი ერთ-ერთ ფრანგულ სამოყვარულო გუნდში ასპარეზობდა, შემდეგ კი აშშ-სა და ავსტრალიას მიაშურა. ავსტრალიაში იგი თამაშობდა გუნდში, რომელიც რანგით მეოთხე დივიზიონში გამოდიოდა და პარალელურად მშენებლობაზე მუშაობდა.

„ავსტრალიაში წასვლამდე ინგლისური ენა საერთოდ არ ვიცოდი. მხოლოდ გამარჯობისა და მადლობის თქმა შემეძლო. ინგლისური ენა მშენებლობაზე შევისწავლე, სადაც ჩემს უფროსსა და სხვა მშენებლებს ვესაუბრებოდი. კალატოზის მოვალეობას ვასრულებდი და ეს სიდნეიში ერთ-ერთი ყველაზე რთული სამუშაოა, რომლის კეთებაც არავის უნდა. მახსოვს, რომ ძალიან ვიღლებოდი“, - ამბობს ინდალესიო.

კორონავირუსის პანდემიის გამო ახალგაზრდა ფრანგს ევროპაში დაბრუნება მოუწია, რადგან ავსტრალიაში ფეხბურთის თამაში და მშენებლობაზე მუშაობა აღარ შეეძლო. სწორედ ამ დროს მას მხსნელად ბავშვობის მეგობარი, ალან სენ-მაქსიმინი მოევლინა. ფეხბურთელი, რომელიც მასთან ერთად „სენტ ეტიენის“ აკადემიაში თამაშობდა.

ფრანგი გარემარბის დახმარებით ინდალესიომ „ნიუკასლში“ სინჯების გავლის უფლება მიიღო. მან „კაჭკაჭების“ სამწვრთნელო შტაბის მოხიბვლა მოახერხა და კლუბმა მასთან კონტრაქტი გააფორმა. ფლორანმა „ნიუკასლის“ 23-წლამდე გუნდის მაისურით სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და ამბობს, რომ ძირითად გუნდში მოსახვედრად უკან არაფერზე დაიხევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები