Aa
Aa

"დღევანდელი შედეგი კატასტროფა არ არის" - ზიდანის მატჩისშემდგომი კომენტარი

დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრა "გლადბახსა" და მადრიდის "რეალს" შორის. "სამეფო კლუბმა" უკანასკნელ წუთებზე შეძლო მატჩის გადარჩენა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ზინედინ ზიდანმა კომენტარი გააკეთა.

"ასენსიომ ტკივილი იგრძნო, მაგრამ მშვიდად ვართ. მას სერიოზული დაზიანება არ აქვს. აზარს დიდი ხანია არ უთამაშია და მას სათამაშო დროს ნელ-ნელა გავუზრდით. ძალიან რთულია სამ დღეში ერთხელ თამაში.

ფეხბურთელები ხშირად კარგავდნენ ბურთს და პირველი გოლი სწორედ ასე გავიდა. ეს ფეხბურთია და ასეთი რამ ხშირად ხდება. თავს მშვიდად ვგრძნობ, რადგან დავინახე, რომ ჩემს გუნდს შესანიშნავად შეუძლია თამაში. ბოლო წუთებში მათ არნახული მონდომება და გუნდურობა დაგვანახეს. თუ სულ ასე ვითამაშებთ, ყოველთვის მოვახერხებთ გამარჯვებას.

თქვენ ყოველთვის მეკითხებით ვარ თუ არა იმედგაცრუებული და მეც მუდამ ერთი პასუხი მაქვს. კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდით და ახლა მუშაობა უნდა გავაგრძელოთ.

ჩვენ ყოველთვის გვინდა გამარჯვება, მაგრამ დღევანდელი შედეგი კატასტროფა არ არის. გუნდმა შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა. პირველი ტაიმი კარგი იყო. სამწუხაროდ გოლი შეცდომის შედეგად გავუშვით. 

ის ფეხბურთი, რაც "რეალმა" ბოლო 10 წუთში ითამაშა, იძლევა იმის გარანტიას, რომ მომავალში უკეთესად ვითამაშებთ და ზოგადად მათ ასე თამაში ხშირად შეუძლიათ. სეზონი ხანგრძლივი და დამღლელია. ვიმეორებ სამ დღეში ერთხელ თამაში ძალიან რთულია. ჩემმა შეგირდებმა ბოლომდე იბრძოლეს და ამით უნდა ვიამაყოთ." - განაცხადა ზიდანმა

შეგახსენებთ, რომ "გლადბახი" ტურამის დუბლის წყალობით 2:0-ს იგებდა. მატჩის მიწურულს კი კარიმ ბენზემამ და კაზემირომ შეძლეს ანგარიშის გათანაბრება. ამ მომენტში "სამეფო კლუბი" 1 ქულით ბოლო ადგილზეა. ჯგუფს კი 4 ქულით დონეცკის "შახტარი" ლიდერობს.

"ბლანკოსი" მომავალ ტურში, 3 ნოემბერს "ინტერს" უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები