Aa
Aa

32-წლიანი ლოდინი დასრულდა - დოჯერსი MLB-ის ჩემპიონია

„ლოს ანჯელეს დოჯერსი“ MLB-ის ჩემპიონი გახდა. ფინალური სერიის მეექვსე შეხვედრაში „დოჯერსმა“ „ტამპა ბეი რეისი“ 3-1 დაამარცხა და სანუკვარი თასი 32-წლიანი პაუზის შემდეგ დაისაკუთრა.

ლოს-ანჯელესელთა გამარჯვებაში დიდი წვლილი ბულპენის პიჩერებმა შეიტანეს და „ტამპა ბეის“ მოთამაშეებს თითქმის 8 ინინგის განმავლობაში ქულის აღების საშუალება არ მისცეს. „რეისმა“ ერთადერთი ქულა პირველ ინინგში მოიპოვა, როცა „დოჯერსის“ სასტარტო პიჩერის, ტონი გონსოლინის შეცდომით რენდი აროზარენამ ისარგებლა და ჰოუმ რანი მიითვალა.

„დოჯერსმა“ წინ გასვლა მეექვსე ინინგში მოახერხა და 2-1 დაწინაურდა. მერვე ინინგში კი საკუთარი უპირატესობა ორქულიანი გახადა. აღსანიშნავია, რომ მატჩის მიმდინარეობისას ცნობილი გახდა, რომ „დოჯერსის“ მოთამაშეს, ჯასტინ ტერნერს კორონავირუსი დაუდასტურდა და იგი მერვე ინინგში შეცვალეს.

ფინალური სერიის MVP კორი სიგერი გახდა. ლოს-ანჯელესელთა შორთსთოფმა „ტამპა ბეის“ წინააღმდეგ 2 ჰოუმრანი და 5 არბიაი მიითვალა და დაცვაშიც შესანიშნავად გამოიყურებოდა.

შეგახსენებთ, რომ „დოჯერსმა“ MLB-ის ჩემპიონობა ბოლოს 1988 წელს იზეიმა. ლოს-ანჯელესელებმა სანუკვარი თასი ისტორიაში მეშვიდედ მოიპოვეს და წარუმატებელ სერიას წერტილი დაუსვეს.

ცხელი ამბები