„ის არ უნდა დაგვავიწყდეს
Aa
Aa

„ის არ უნდა დაგვავიწყდეს" - ბრიტანული გამოცემა ტოტენჰემს ჩაკვეტაძის შეძენას ურჩევს

ბრიტანულმა ვებგვერდმა, Football.london-მა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც „ტოტენჰემს“ რამდენიმე პერსპექტიული ფეხბურთელის შეძენა ურჩია. ავტორმა ერლინგ ბრაუტ ჰოლანდის მაგალითი მოიყვანა და განაცხადა, რომ ნორვეგიელის წყალობით ტოპ 5 ჩემპიონატის მიღმა მოასპარეზე ფეხბურთელებისადმი ინტერესი გაიზარდა. შემდეგ კი დაასახელა ის მოთამაშეები, რომელთა გადაბირება „დეზებს" წაადგებათ. ჩვენთვის საინტერესო ისაა, რომ სიაში გიორგი ჩაკვეტაძე მოხვდა.

„გიორგი ჩაკვეტაძის სახელი ტოტენჰემის გულშემატკივრებისთვის შესაძლოა, ნაცნობია, რადგან ქართველ ფეხბურთელს ჩრდილოეთ ლონდონს აქამდეც უკავშირებდნენ. შემტევმა ნახევარმცველმა მშობლიური კლუბი, თბილისის დინამო თინეიჯერობის პერიოდში დატოვა და ბოლო სამი სეზონი ბელგიაში, გენტის რიგებში გაატარა, სადაც გასულ სეზონში მუხლის სერიოზული ტრავმა მოირჩინა და მოედანს დაუბრუნდა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, რაპიდის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე სადებიუტო მატჩი ჩაატარა.

ჩაკვეტაძეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით 9 შეხვედრაში 5 გოლი აქვს გატანილი და იმედოვნებს, რომ ნოემბერში, ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის გასამართ მატჩში მონაწილეობას მიიღებს.

მართალია, ამ ეტაპზე, ტოტენჰემს შემტევი ნახევარმცველისა და განაპირა ფორვარდების პოზიციაზე საკმაოდ ბევრი მოთამაშე ჰყავს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მოურინიო გამოცდილი ფეხბურთელების გაშვებასა და მათი ახალგაზრდა სისხლით ჩანაცვლებას გადაწყვეტს, ჩაკვეტაძე არ უნდა დაგვავიწყდეს“, - წერს ბრიტანული გამოცემა.

ცნობისთვის, ჩაკვეტაძის გარდა, ავტორმა მანორ სოლომონზე, ფილიპ ურემოვიჩზე და ლინდონ სელაჰიზე ისაუბრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები