Aa
Aa

„ეს ნამდვილი ბრძოლა იქნება" - ტაისონისა და ჯონს ჯუნიორის პრესკონფერენცია

მაიკ ტაისონმა და როი ჯონს ჯუნიორმა, რომლებიც 28 ნოემბერს ერთმანეთს საჩვენებელ ბრძოლაში დაუპირისპირდებიან, პრესკონფერენცია გამართეს და სამომავლო შერკინების შესახებ ისაუბრეს.

„რკინის მაიკმა“ მეტოქე შეაქო, საკუთარ მიზნებს შეეხო და განაცხადა: „თავს შესანიშნავად ვგრძნობ და მინდა, მსოფლიოს ვაჩვენო როგორ ფორმაში ვარ. როისთან ბრძოლისთვის მოსამზადებლად ყველაფერს ვაკეთებ. ვიდეოებს ვუყურებ, რომლებშიც იგი კარიერის პიკში იმყოფება, რადგან ველოდები, რომ როი ჯონს ჯუნიორის, როგორც მოკრივის საუკეთესო ვერსიას შევერკინები.

სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს, რატომ ამბობენ, რომ ეს ნამდვილი ბრძოლა არაა. თქვენ რინგზე მაიკ ტაისონსა და როი ჯონს ჯუნიორს იხილავთ. მე საჩხუბრად გავდივარ და იმედი მაქვს, როისაც იგივე მიზანი აქვს.

ბოლოს ვაშინგტონში ვიჩხუბე და მაშინ ჩემი თავის აჩრდილი ვიყავი. იმ პერიოდში ნარკოტიკებს ვიღებდი და მაკბრაიდთან ბრძოლის შემდეგ, რინგზე გასვლა უბრალოდ აღარ მინდოდა. კრივში დაბრუნებას არ განვიხილავდი. რამდენიმე შეთავაზება მივიღე, მაგრამ ბრძოლის გამართვაზე ძალიან ვნერვიულობდი. უფალი ერთადერთია, რისიც მეშინია და მას ოდესმე აუცილებლად შევხვდები, თუმცა სანამ ეს დღე მოვა, მინდა, ბევრი რამ გავაკეთო და ერთ-ერთი სწორედ ამ შერკინებაში მონაწილეობის მიღებაა. ჯანმრთელობის მდგომარეობას რაც შეეხება, ჩვენ სამედიცინო შემოწმება მარტივად გავიარეთ და ეს ყველაფერზე მეტყველებს.“.

მაიკის მისამართით დადებითი სიტყვები არც როი ჯონს ჯუნიორმა დაიშურა და გააკრიტიკა ის ადამიანები, რომელთა აზრითაც, ეს ბრძოლა ნამდვილი არაა: „ტაისონი შესანიშნავად გამოიყურება და დარწმუნებული ვარ, ბრწყინვალე ფორმაშია. მისით ძალიან ვამაყობ. 54 წლის ასაკში მოკრივეთა უმრავლესობა თვლის, რომ მისი დრო დასრულდა, მაგრამ მაიკი განსაკუთრებულია.

სულელი უნდა იყო ტაისონის წინააღმდეგ გასამართი ბრძოლისთვის მაქსიმალურად რომ არ მოემზადო. რინგზე კრივის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ადამიანის წინააღმდეგ გადიხარ და არ ემზადები?! რა სისულელეა! დიახ, ვემზადები და სპარინგ-პარტნიორიც მყავს. როგორ უნდა აიცილო მაიკის კომბინაციები, თუ ამისთვის არ ივარჯიშე და სპარინგები არ გამართე? ჩვენ ხომ იმ მოკრივეზე ვსაუბრობთ, რომელსაც ყველაზე ძლიერი დარტყმა აქვს.

მინდა, იმ ადამიანებს მივმართო, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ბრძოლა ნამდვილი არაა. არ ვიცი, როგორ შეიძლება რინგზე ლეგენდარული ტაისონის წინააღმდეგ გახვიდე და იფიქრო, რომ ეს მხოლოდ საჩვენებელი ბრძოლაა“.

შეგახსენებთ, რომ მაიკისა და ჯონს ჯუნიორის შერკინება რამდენჯერმე გადაიდო, თუმცა ბოლო ინფორმაციით, ეს დაპირისპირება 28 ნოემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები