ბარდი: ''კოსოვოს საქართველოზე მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს''
Aa
Aa

ბარდი: ''კოსოვოს საქართველოზე მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს''

ესპანური ''ლევანტესა'' და მაკედონიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ენის ბარდიმ საქართველოსთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა. მისი თქმით ქართველებთან შედარებით კოსოვოს ნაკრების მოთამაშეები უფრო მაღალი დონის არიან.

ლა ლიგაში მოასპარეზე 25 წლის შემტევი მაკედონიურ MKD-ს ესაუბრა: ''კოსოვოს ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, თუმცა ნახევარფინალში გუნდური ფეხბურთი ვაჩვენეთ, რის ხარჯზეც გავიმარჯვეთ, თუმცა ამ მოგებით არაფერი დასრულებულა, ეიფორიაში ჩავარდნის საბაბი არ გვაქვს, საქართველოსთან მატჩის მნიშვნელობა გვესმის და კვლავ გუნდური ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ.

საქართველოსთან შედარებით კოსოვოს ნაკრებში უფრო მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობენ, მაგრამ 90 წუთში ჩვენი საუკეთესო თვისებები უნდა გამოვავლინოთ.

კოსოვოსთან მატჩის შემდეგ ბევრი დადებითი და უარყოფითი კომენტარი მოვისმინე, თუმცა ნებისმიერმა ფეხბურთელმა ეროვნული გუნდისთვის მაქსიმუმი უნდა გაიღოს. მე ალბანელი ვარ, მაგრამ მაკედონიის ნაკრებში ვთამაშობ და ამ ქვეყნის გუნდისთვის მაქსიმუმს გავიღებ, რომ ოცნება ავისრულოთ და ევროპის ჩემპიონატზე მოვხვდეთ. მაკედონიის ნაკრებში პრობლემები არაა, ერთმანეთს პატივს ვცემთ და გუნდში ერთსულოვნებაა''.

შეგახსენებთ, მიმდინარე თვეში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ''დინამო არენაზე'' ბელარუსი 1:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპთან მხოლოდ ერთი მატჩი აშორებს. ფინალში საქართველო მაკედონიას შეხვდება, რომელმაც ნახევარფინალში კოსოვოს სძლია.

ფინალური დაპირისპირება 12 ნოემბერს ''დინამო არენაზე'' გაიმართება და დიდი ალბათობით მატჩს ქომაგები არ დაესწრებიან.

ფოტო: gff.ge, gettyimages

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები