ლორია: ''მაკედონია ძლიერია, მაგრამ ჩემი გუნდის 100 პროცენტით მჯერა''
Aa
Aa

ლორია: ''მაკედონია ძლიერია, მაგრამ ჩემი გუნდის 100 პროცენტით მჯერა''

''ანორთოსისისა'' და საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი ლორიამ გადაცემა ''ტაიმაუტში'' მაკედონიასთან ფინალურ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

ლორია: ''ჩემი და სრულიად საქართველოს მოლოდინი ის არის, რომ მაკედონია უნდა დავამარცხოთ, მაგრამ ეს ისეთი თამაშია, რომ შეიძლება ფურცელზე ერთი გუნდი მეორეზე უკეთესი იყოს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავდეს. ფინალს სხვანაირი ფსიქოლოგიური განწყობა, სხვანაირი მომზადება სჭირდება, რადგან შესაძლებელია ყველანაირი შედეგის დაფიქსირება. შესაძლოა, მატჩი ფრედ დასრულდეს და პენალტების სერია დაინიშნოს.

საქართველო და მაკედონია ძლიერი გუნდები არიან, თუმცა მე ჩემი გუნდის ასი პროცენტით მჯერა.

ერთა ლიგაზე წაუგებელი სერია ძალიან კარგია. ეროვნულ ნაკრებში ხშირი როტაცია არ ხდება, თითქმის ყოველთვის ძირითადი ბირთვი თამაშობს, რაც წარმატების განმაპირობებელია. ეს ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია რატომაც საქართველოს ნაკრები ფსიქოლოგიურად კარგადაა მომზადებული''.

ლორიამ ქეცბაიას შესახებაც ისაუბრა: ''ბელარუსთან გამარჯვების შემდეგ თემურ ქეცბაიამ დამირეკა, მთელ გუნდს გამარჯვება მოგვილოცა. ნაკრებში ყოფნისას თემურთან კომუნიკაცია ყოველთვის გვაქვს და ამ მხრივ ყველაფერი კარგადაა''.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ''დინამო არენაზე'' ბელარუსი 1:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპთან მხოლოდ ერთი მატჩი აშორებს. ფინალში საქართველო მაკედონიას შეხვდება, რომელმაც ნახევარფინალში კოსოვოს სძლია.

ფინალური დაპირისპირება 12 ნოემბერს ''დინამო არენაზე'' გაიმართება და დიდი ალბათობით მატჩს ქომაგები არ დაესწრებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები