MMA-ის მებრძოლთა გმირობა - მათ ვენაში მომხდარი ტერაქტისას დაშავებულები გადაარჩინეს
Aa
Aa

MMA-ის მებრძოლთა გმირობა - მათ ვენაში მომხდარი ტერაქტისას დაშავებულები გადაარჩინეს

MMA-ის თურქმა მებრძოლებმა, რეჯეპ ტაიპ გულტეკინმა და მიკაილ ოზერმა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მომხდარი ტერაქტის დროს დაშავებულები საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინეს.

როგორც ირკვევა, სროლის ხმის გაგონებისთანავე, ისინი ტერაქტის ადგილისკენ გაემართნენ და შეესწრნენ მომენტს, როცა ტყვია ქალბატონს მოხვდა. გულტეკინმა მისი დახმარება გადაწყვიტა და დაჭრილი ქალბატონი უსაფრთხო ადგილას, იქვე მდებარე რესტორანში მიიყვანა. „როგორც კი ქალბატონი რესტორანში მივიყვანე, ტერორისტს შევეჩეხე და მან იარაღი დამიმიზნა. იმ მომენტში, როცა მას თვალებში ჩავხედე, შიში არ მიგრძნია და არც საკუთარ თავში შემპარია ეჭვი. ქვაფენილზე დავწექი და პოლიციისთვის ინფორმაციის გადასაცემად გავეშურე, რა დროსაც ტყვია ფეხში მომხვდა“, - ამბობს გულტეკინი.

ჭრილობის მიუხედავად, იგი ოზერს შეუერთდა და მოხუცებულ ქალბატონს დაეხმარა, რომელიც შოკში იყო და ტრამვაის დატოვებას ვერ ახერხებდა. თურქმა მებრძოლებმა პოლიციელიც გადაარჩინეს, რომელიც ბარძაყისა და მუცლის არეში იყო დაჭრილი და იმის გამო, რომ იმ მომენტში ტერაქტი კვლავ მიმდინარეობდა და ტერორისტს სროლა არ ჰქონდა შეწყვეტილი, მისი კოლეგები მის უსაფრთხო ადგილას გაყვანას ვერ ახერხებდნენ.

გულტეკინმა და ოზერმა პოლიციელის გადარჩენა საკუთარ თავზე აიღეს. მათ ტყვიების ზუზუნის ფონზე ხელში აყვანილი პოლიციელი დაახლოებით 180 მეტრის მანძილზე ატარეს და მიიყვანეს იქ, სადაც მას სასწრაფო დახმარების მანქანა ელოდებოდა.

აღსანიშნავია, რომ ავსტრიის მთავრობამ MMA-ის მებრძოლთა გმირობა უყურადღებოდ არ დატოვა და ისინი დააჯილდოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები