Aa
Aa

ფინანსური საკითხები და ფორმატი დამტკიცებულია - NBA 22 დეკემბერს დაბრუნდება

გამთენიისას NBA-ის გუნდების მმართველთა საბჭოს სპეციალური შეხვედრა გაიმართა, რომელზეც კოლექტიურ ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებები განიხილეს. ESPN-ის ინსაიდერის, ადრიან ვოინაროვსკის ინფორმაციით, გუნდების ხელმძღვანელებმა მომდევნო სეზონის ფინანსური საკითხები და ფორმატი ერთხმად დაამტკიცეს.

ამრიგად, იურიდიული გადმოსახედიდან 2020-21 წლების სეზონის 22 დეკემბერს დაწყებას წინ აღარაფერი უდგას. გუნდები სავარჯიშო კემპებს 1-ელ დეკემბერს გახსნიან და მოსამზადებლად 3 კვირა ექნებათ. თითოეული გუნდი 3-4 წინასასეზონო მატჩს გამართავს და რეგულარულში 72 შეხვედრა ჩაატარებს.

NBA-ის დრაფტი 18 ნოემბერს გაიმართება და 2 დღის შემდეგ, თავისუფალი აგენტების ბაზარი გაიხსნება. მომდევნო სეზონში სახელფასო ჭერი 109.1 მილიონი აშშ დოლარი იქნება, ხოლო გადასახადის გადახდა გუნდებს იმ შემთხვევაში მოუწევთ, თუ მათი კალათბურთელთა ხელფასები 132.6 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბებს.

შეთანხმება ე.წ ესკროუს სისტემასთან დაკავშირებითაც შედგა. ამ სისტემის მიხედვით, NBA მოთამაშეთა ანაზღაურების 10 პროცენტს სპეციალურ ფონდში რიცხავს, რათა მათ საკალათბურთო შემოსავლებიდან გარანტირებულზე მეტი თანხა ვერ მიიღონ. იმ შემთხვევაში კი თუ მოთამაშე გარანტირებულზე ნაკლებს იღებს, ლიგა ვალდებულია, ამ ფონდიდან მას გარკვეული თანხა გადაურიცხოს. ვოინაროვსკის ინფორმაციით, ახალ სეზონში ზემოთ ხსენებული 10 პროცენტი ძალაში დარჩება, თუმცა ფინანსური პრობლემების შემთხვევაში, შესაძლოა, 20-მდე გაიზარდოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები