Aa
Aa

ბითაძის შანსი - ინდიანა მაილს ტერნერის გაცვლას აპირებს

„ინდიანა პეისერსი“ გოგა ბითაძის მთავარი კონკურენტის, მაილს ტერნერის გაცვლას აპირებს. ESPN-ისა და Forbes-ის ინსაიდერის, ევან მესის მიხედვით, „პეისერსი“ მოლაპარაკებებს „ბოსტონ სელთიქსთან“ აწარმოებს და გორდონ ჰეივარდს უმიზნებს.

ტერნერის სანაცვლოდ „კელტები“ მზად არიან, ჰეივარდთან ერთად, 2020 წლის დრაფტის მე-14 პიკიც დათმონ და მესის ინფორმაციით, ამ გარიგების გაჩარხვით ორივე გუნდი დაინტერესებულია. მეორე მხრივ, The Indy Star-ის ჟურნალისტი, ჯეი მაიკლი იუწყება, რომ „ინდიანა“ მაილსის თაობაზე სხვა გუნდებსაც ელაპარაკება და ერთ-ერთ ვარიანტად „შარლოტ ჰორნეთსს“ ასახელებს.

ტერნერი „პეისერსის“ სასტარტო ცენტრი გახლავთ და მისი წასვლა გოგას სათამაშო დროს ავტომატურად გაუზრდის. 24 წლის კალათბურთელი გასულ სეზონში პარკეტზე საშუალოდ 29.5 წუთს ატარებდა და 12.1 ქულას, 6.6 მოხსნასა და 2.1 დაფარებას აგროვებდა. სეზონის სტარტზე კი, როცა ტერნერს ტრავმა ჰქონდა, მის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში სწორედ ბითაძე გამოჩნდა.

აქვე გეტყვით, რომ ჯეი მაიკლის მიხედვით, თუ ტერნერი „პეისერსში“ დარჩება, მისი როლი რადიკალურად შეიცვლება. „ინდიანას“ ახალ თავკაცს, ნეით ბიორკგრენს სურს, რომ მან თითოეულ შეხვედრაში მინიმუმ 5-6 სამქულიანი ისროლოს და გუნდმა უფრო სწრაფად ითამაშოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები