Aa
Aa

ტიმი 1/2 ფინალშია - ციციპასი და ნადალი ნახევარფინალისტს ერთმანეთში გაარკვევენ

ლონდონში მიმდინარე წლის შემაჯამებელ ტურნირზე დომინიკ ტიმსა და რაფაელ ნადალს შორის სუპერმატჩი შედგა.

ორივე ჩოგბურთელი მშვენივრად თამაშობდა და თითოეული ქულისთვის სერიოზული ბრძოლა მიდიოდა. საბოლოოდ, გადამწყვეტ მომენტებში უკეთესი ტიმი გახლდათ, რომელმაც ორივე სეტი ტაიბრეიკზე აიღო - 7:6; 7:6.

ავსტრიელმა ტურნირზე მეორე გამარჯვება იზეიმა და, როგორც შემდეგ გაირკვა, 1/2 ფინალში თამაშის უფლება ნაადრევად მოიპოვა.

დღის მეორე შეხვედრა კი სტეფანოს ციციპასსა და ანდრეი რუბლიოვს შორის ჩატარდა და 3-სეტიანი გამოდგა.

ბერძენმა პირველი პარტია იოლად, მხოლოდ 19 წუთში - 6:1 მოიგო. მეორე სეტში რუბლიოვმა ხასიათის სიმტკიცე აჩვენა და რთულ ბრძოლაში ანგარიში გაათანაბრა.

გადამწყვეტ სეტში ჩოგბურთელებმა მოწოდება არ დათმეს და საქმე მივიდა ტაიბრეიკამდე, რომელიც საკმაოდ დაძაბული გამოდგა. რუბლიოვი 6:5-ზე თავად აწვდიდა, თუმცა შანსი ხელიდან გაუშვა და შემდეგ მატჩიც ვეღარ გადაარჩინა - 1:6; 6:4; 6:7.

როგორც უკვე ვთქვით, ტიმი უკვე 1/2 ფინალშია, ბოლო ტურში კი ციციპასი და ნადალი ერთმანეთის წინააღმდეგ გადამწყვეტ შეხვედრას გამართავენ, პარალელურად კი იმავე ტიმისა და რუბლიოვის შეხვედრა გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები