გვილია:
Aa
Aa

გვილია: "ტრავმა რომელიც ცხოვრების ბოლომდე გამყვება..."

საქართველოს ნაკრებისა და ვარშავის "ლეგიას" ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა, სადაც ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხის გამო იმედგაცრუებასა და უდიდეს ტკივილზე საუბრობს.

„მოგებული თამაშები ჯგუფში, დიდი ბედნიერება და ლოდინი...ლოდინი წელიწად-ნახევარი ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშისთვის... მიახლოვება თამაშამდე და ისევ ლოდინი... ამჯერად კორონავირუსის გამო. ფეხბურთის შეჩერება, გაურკვევლობა...

ფეხბურთის დაბრურება და ნახევარფინალური მატჩი. გამარჯვება, დიდი სიხარული და მთელი ქვეყნის ბედნიერება! კვლავ ლოდინი... ლოდინი ყველაზე დიდი მატჩისთვის საქართველოს ისტორიაში და თითოეული ჩვენთაგანის კარიერაში...

წაგებული მატჩი და უდიდესი ტკივილი, იმედგაცრუება, გრძნობა თითქოს მთელი სამყარო ჩამოინგრა. ყველაზე დიდი მარცხი კარიერაში და ტრავმა რომელიც ცხოვრების ბოლომდე გამყვება...

ძალიან ძნელი იყო ამ დღეების გადატანა და ასეთ ტკივილთან ერთად ცხოვრება, მაგრამ მჯერა რომ აუცილებლად დადგება ის ბედნიერი დღე როცა, ჩვენ დიდ ფორუმზე ვითამაშებთ! მჯერა ეს ტკივილი, უდიდეს ძალაში გადაიზრდება! გამოცდილება, შეცდომების თავიდან არიდებაში დაგვეხმარება და დღეს რაც ჩვენთვის ოცნების დასასრულია, ხვალ უფრო დიდი ოცნების შენების ფუნდამენტი იქნება!

უნდა გვახსოვდეს რომ ეს ოცნება თითოეულმა ჩვენთაგანმა ავაშენეთ, შევქმენით, ჩავდეთ სული და გული რომ იმედი დაგვებრუნებინა ქართველი ხალხისთვის! ის იმედი რომელიც ჩვენ ყველას თამაშის წინ გვქონდა.

12 ნოემბრის მატჩი იყო - წლების განმავლობაში შრომის, თავდადების, რწმენის, ერთმანეთის გვერდში დგომის და მხარდაჭერის ნაყოფი! სამწუხაროდ ეს დღე ჩვენთვის არ აღმოჩნდა ბედნიერი, მაგრამ უნდა დავაფასოთ და გავუფრთხილდეთ თითოეული ჩვენთაგანის თავგანწირვას საქართველოს ნაკრებისთვის! ეს ყოველთვის ასე იყო, არის და იქნება!

მიუხედავად იმისა რომ დღეს ბევრი ნეგატივია ჩვენს მიმართ, არ შემიძლია არ ავღნიშნო ის ემოციური დახვედრა, რომელიც თამაშის წინ გულშემატკივრებმა მოგვიწყვეს. მადლობა მხარდაჭერისთვის!

12 ნოემბერს ცხოვრებამ დიდი დარტყმა მოგვაყენა თითოეულ ჩვენთაგანს, მაგრამ ჩვენ უნდა წამოვდგეთ და გავაგრძელოთ ბრძოლა ოცნებისთვის! იმ ოცნებისთვის რომელიც ერთ ბედნიერ დღეს აუცილებლად აგვისრულდება!

მონდომება! რწმენა! მოთმინება!“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები