''ბიჭებმა მაკედონიასთან წააგეს, გოგოებმა უნდა მოიგოთ'' - როგორ გაიბრწყინა ''ლანჩხუთმა'' ევროპაში
Aa
Aa

''ბიჭებმა მაკედონიასთან წააგეს, გოგოებმა უნდა მოიგოთ'' - როგორ გაიბრწყინა ''ლანჩხუთმა'' ევროპაში

2019 წლის საქართველოს ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული „ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე გავიდა. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში გურულებმა რუმინეთში „კლუჟი“ ანგარიშით 1:0 დაამარცხეს. მატჩის ერთადერთ გოლი 68-ე წუთზე „ლანჩხუთის“ ლიდერმა, ხატია ჭყონიამ გაიტანა.

''ლანჩხუთის'' მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩხაიძე მოთამაშეებთან ერთად გადაცემაში ''სპორტი იმედზე'' იმყოფებოდა. გადაცემის სტუმარი ასევე იყო სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნიკა ჯღარკავა.

გიორგი ჩხაიძე: ''ახლაც ემოციების ქვეშ ვარ. როცა მატჩი დასრულდა, გასახდელში სახეზე წყალი შევისხი, სიზმარში ხომ არ ვართ-მეთქი.

ჩვენ ერთი შეკრული გუნდი ვართ, ვმეგობრობთ, მაგრამ როცა მოედანზე გავდივართ ჩვენი მეგობრობა დროებით მთავრდება.

ყაზახეთში და რუმინეთში გამგზავრებამდე ფედერაციამ ტექნიკურ ცენტრ ''ბასაზე'' ორი ოთხდღიანი შეკრება მოგვიწყო, რაც წარმატების მიღწევაში ძალიან დაგვეხმარა''.

ხატია ჭყონია: ''ჩვენი მწვრთნელის დევიზი ასეთია, არ გვინდა გამარჯვება, მთავარია მოედნიდან ღირსეულად გავიდეთ. ეს ჩვენთვის ბევრს ნიშნავს, თამაშის წინ არ ვნერვიულობთ და თამაშზე ძალიან თავისუფლად გავდივართ''.

თეონა თოდაძე: ''ვიცოდით, რომ მოედნიდან თავდახრილი არ უნდა გამოვსულიყავით. როცა ბიჭებმა მაკედონიასთან წააგეს, მწვრთნელი გვამხნევებდა, რომ ჩვენი საქართველო გოგოებს უნდა გვესახელებინა''.

''ლანჩხუთის'' ფეხბურთელებმა ასევე აღნიშნეს, რომ დიდი სურვილი აქვთ ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩში სტადიონზე გულშემატკივრები იხილონ.

სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნიკა ჯღაკავა: ''ვიდრე ''ლანჩხუთი'' ამ წარმატებას მიაღწევდა, ქალთა ფეხბურთში სისტემური ხასიათის ცვლილებები მოხდა, საშეჯიბრო გარემო შეიქმნა, რასაც ქალთა ფეხბურთში ჩართული პირების ენთუზიაზმი და შრომისმოყვარეობა დაემატა''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები