კრიზისი ბარსელონაში? - სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს
Aa
Aa

კრიზისი ბარსელონაში? - სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს

ლა ლიგის უკანასკნელ ტურში კატალონიის "ბარსელონა" მადრიდს ეწვია და "ატლეტიკოს" დაუპირისპირდა. ბოლო 10 წლის განმავლობაში "ბლაუგრანა" ლა ლიგის ეგიდით პირველად დამარცხდა "როხიბლანკოსთან".

მიმდინარე სეზონში რონალდ კუმანის გაწვრთნილ გუნდს ცუდი შედეგები აქვს. კატალონიელებმა 8 მატჩი ჩაატარეს და მხოლოდ 11 ქულის მოგროვება შეძლეს. 3 მოგება, 3 მარცხი და 2 ფრე - ასეთია ბარსას შედეგი.

აღსანიშნავია, რომ ასეთი მაჩვენებელი კლუბს ბოლოს 1992 წელს ჰქონდა, მაგრამ იმ სეზონში კატალონიელები ჩემპიონები მაინც გახდნენ. ჯერჯერობით ახლანდელ სიტუაციას იგივე პირი არ უჩანს, რადგან "ბარსელონას" თამაშის ხარისხი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

სეზონის დაწყების წინ გუნდმა ლუის სუარესი "ატლეტიკოში" გაუშვა და თავის მხრივ "როხიბლანკო" ახლა ცხრილის მოწინავე პოზიციაზეა.

ბარსამ სეზონი დამაჯერებლად დაიწყო. პირველივე მატჩში კუმანის შეგირდებმა ვილიარეალს 4:0 მოუგეს და ყველა კმაყოფილი იყო. მედიაში გაჩნდა აზრი, რომ ნიდერლანდელი სპეციალისტი არის ის, ვინც კლუბს ასე ძალიან სჭირდებოდა.

შემდეგ იყო ვიგოს "სელტა". "ბლაუგრანამ" ვიგოელებს სტუმრად 3 უპასუხო გოლი გაუტანა და კუმანის სიძლიერეზე უფრო აქტიურად დაიწყო საუბარი. 

ამ ორი მატჩის შემდეგ დაიწყო მინი კრიზისი. "სევილიასთან" ფრე 1:1. შემდეგ სტუმრად მარცხი ხეტაფესთან 1:0. მადრიდის გარეუბნის გუნდთან წაგების შემდეგ დადგა "ელ კლასიკოს" ჯერი და "კამპ ნოუზე" ბარსამ 1:3 წააგო.

ფრე დაფიქსირდა "ალავესთან" და როგორც უკვე მოგახსენეთ უკანასკნელი ქულები გუშინ "ატლეტიკოსთან" დაიკარგა. ლა ლიგაში არადამაჯერებელი თამაშის ფონზე "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგაზე კარგად გამოიყურება. გუნდმა 3 თამაშიდან სამივე მოიგო, მათ შორის ტურინის "იუვენტუსთან" სტუმრად 0:2.

დიეგო სიმეონეს გუნდთან თამაშის დროს გუნდს ხერარდ პიკე დაემტვრა და მინიმუმ 2 თვე არ იქნება. დაზიანება მიიღო სერხი რობერტომაც, რომელიც ერთ თვეს გამოტოვებს.

ამჟამად კუმანის გუნდი 8 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ცხრილში მე-11 ადგილზეა. მომავალ შეხვედრას კატალონიელები 29 ნოემბერს შინ "ოსასუნას" წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები