Aa
Aa

მორიგი რეკორდი! - იბრამ მილანს მოაგებინა და ისტორიაშიც შევიდა

იტალიის ჩემპიონატის მე-8 ტურის ცენტრალურ მატჩში „მილანმა“ სტუმრად „ნაპოლი“ 3:1 დაამარცხა. „როსონერის“ შვედმა ფორვარდმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კი მორიგი რეკორდი დაამყარა.

„იბრამ“ ნეაპოლელთა კარში 2 ბურთი გაიტანა და სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში 10 გოლი მოაგროვა. იგი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელმაც „ლეგა კალჩოს“ სეზონის საწყის 8 მატჩში 10 გოლი შეაგდო. აქამდე რეკორდი სილვიო პიოლას ეკუთვნოდა, რომელმაც ეს 1942-43 წლების სეზონში 29 წლის ასაკში გააკეთა.

რაც შეეხება კონკრეტულად „მილანის“ ფეხბურთელებს, ზლატანზე კარგად სეზონი მხოლოდ მარკო ვან ბასტენმა დაიწყო, რომელმაც 1992-93 წლების სეზონის სერია A-ს სასტარტო 8 მატჩში 12 ბურთი გაიტანა.

ასევე აღსანიშნავია, რომ იტალიის ჩემპიონატის ისტორიაში იბრაჰიმოვიჩი მხოლოდ მე-4 ფეხბურთელია, რომელმაც სეზონის თავისთვის საწყის 6 თამაშში გოლი შეაგდო. შვედმა ორი თამაში კორონავირუსის გამო გამოტოვა. ასევე სასტარტო 6 მატჩში გატანილი გოლებით სეზონები გაბრიელ ბატისტუტამ - 1994-95 წლებში, კრისტიან ვიერიმ - 2002-03 წლებში და კშიშტოფ პიონტეკმა 2018-19 წლებში დაიწყეს.

„იბრამ“ გუშინდელი მატჩის მიწურულს მარცხენა ფეხის კუნთი დაიზიანა და შეცვალეს. მისი ტრავმის სიმძიმე სამედიცინო შემოწმების შემდეგ გვეცოდინება.

მილანელთა ლიდერი სერია A-ს ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა და კრიშტიანუ რონალდუს 2 გოლით უსწრებს. „მილანი“ კი ცხრილს ასევე 2-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს და შემდეგ უქმეებზე „ფიორენტინასთან“ სათამაშოდ მოემზადება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები