Aa
Aa

სადებიუტო გოლი და რეკორდი - დესტის კარგი საღამო კიევში

„ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში კიევის „დინამო“ 4:0 დაამარცხა და 1/8 ფინალში თამაში გაინაღდა. კატალონიელთა მცველმა სერჟინიო დესტმა კი კლუბის ისტორიაში ახალი რეკორდი დაამყარა.

ამერიკელი უკანახაზელი „ბლაუგრანას“ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მცველია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლის გატანა შეძლო. იგი გუშინდელი მატჩისას 20 წლისა და 21 დღის გახლდათ.

დესტმა „ბარსა“ 52-ე წუთზე, ბრაიტვეიტის ასისტის შემდეგ დააწინაურა და ახალი კლუბის მაისურით სადებიუტო ბურთი შეაგდო. იგი თამაშის ბოლოს ასისტთანაც ახლოს იყო, მაგრამ რიკი პუჩმა ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა.

ახალგაზრდა ამერიკელმა ბარსელონელთა რიგებში მე-8 შეხვედრა გამართა და ნელ-ნელა გუნდის სტაბილურ მარჯვენა მცველად ყალიბდება. კატალონიელებს მისი შეძენა ჯამში 26 მილიონი ევრო დაუჯდათ, გამოსასყიდ თანხად კი 400 მილიონი ევრო დაუწესეს.

„ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგაზე 100%-იან სვლას აგრძელებს და E ჯგუფს 3-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. კუმანის გუნდმა „რეალის“ მაჩვენებელი გაიმეორა და ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მე-17-ედ გავიდა - ეს ტურნირის ისტორიაში სარეკორდო შედეგია.

„ბარსა“ ლიგის შემდეგ ტურში „ფერენცვაროშს“ ესტუმრება, იქამდე კი უქმეებზე „ოსასუნასთან“ ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები