Aa
Aa

ჟოზეს ეფექტი - ტოტენჰემმა ბოლო 2 წელიწადში ზედიზედ 5 მატჩი პირველად მოიგო

ჟოზე მოურინიოს „ტოტენჰემი“ ბოლო დროს მშვენიერ ფორმაშია და ყველა ტურნირის ეგიდით ზედიზედ მე-5 თამაში მოიგო. „დეზებმა“ ევროპა ლიგის მე-4 ტურში „ლუდოგორეცი“ 4:0 გაანადგურეს.

2018 წლის ნოემბრის შემდეგ პირველად მოხდა, როცა „ტოტემ“ მიჯრით 5 შეხვედრის მოგება შეძლო. მაშინ გუნდს მაურისიო პოჩეტინო ავარჯიშებდა და მოგებათა სვლა 6 თამაშზე შეწყდა.

ასევე აღსანიშნავია, რომ მოურინიოს ბიჭებმა თავიანთი კარი მშრლად უკვე ზედიზედ მესამე შეხვედრაში შეინახეს, რაც 2019 წლის აპრილის შემდეგ არ გაეკეთებინათ.

გუშინდელი დღის კიდევ ერთი გამორჩეული ფაქტი დეინ სკარლეტს უკავშირდება. 16 წლისა და 247 დღის ასაკში, იგი „ტოტენჰემის“ ისტორიაში გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ევროტურნირების მატჩში მიიღო მონაწილეობა.

„ტოტემ“ ბულგარულ კლუბს კარლოს ვინისიუსის დუბლით, ასევე უინკსისა და ლუკას მოურას გოლებით აჯობა და J ჯგუფს „ანტვერპენთან“ ერთად, 9 ქულით ლიდერობს.

შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემისა“ და „ლუდოგორეცის“ გუშინდელ დაპირისპირებას ქართველი მსაჯები სჯიდნენ. მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი გახლდათ, გვერდით ხაზებთან ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია მუშაობდნენ, მეოთხე არბიტრი კი გიორგი ვადაჭკორია იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები