სამიდან სამი მოგება! - საქართველომ სტუმრად ფინეთი დაამარცხა
Aa
Aa

სამიდან სამი მოგება! - საქართველომ სტუმრად ფინეთი დაამარცხა

დასრულდა "ევრო ბასკეტის" შესარჩევი ციკლის მატჩი ფინეთსა და საქართველოს შორის. ჩვენმა ნაკრებმა სტუმრად 91:85 გაიმარჯვა და ჯგუფში გალიდერდა. საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი ნაკრები "ევრო ბასკეტზე" შესარჩევი ციკლის გარეშეც ითამაშებს, რადგან საქართველო ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანაა.

რაც შეეხება მატჩს, ორივე ნაკრები აქტიურად თამაშობდა. პირველი მეოთხედი ზუროსის შეგირდებმა 3 ქულიანი უპირატესობით დაასრულეს(22:19). სასტარტო ხუთეული კი ასეთი იყო - შენგელია, შერმადინი, მაკფადენი, კორსანტია, ბოქოლიშვილი.

მეორე მეოთხედი, საქართველოს ნაკრებმა გაქცევით დაიწყო და 10 ქულით დაწინაურდა - 29:19. ერთ-ერთ ეპიზოდში ჩვენი ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ულამაზესი "ჩატენვა" განახორციელა. ამის შემდეგ მეტოქე გააქტიურდა და ანგარიშში სხვაობა შეამცირა.

პირველი ტაიმი საქართველოს უპირატესობით დასრულდა. ანგარიში 44:40 დაფიქსირდა. მეორე ნახევარი კი მასპინძელთა მცირე უპირატესობით დაიწყო, რაც საბოლოო ჯამში მეოთხედის მოგებით დასრულდა. ფინეთმა საქართველოს 25 ქულა ჩაუგდო, საპასუხოდ კი 21 მიიღო. ბოლო მეოთხედის წინ ანგარიში 65:65 გახდა.

საქართველომ ყველანაირი ძალა მოიკრიბა და მეტოქეს შეუტია. აღსანიშნავია გიორგი შერმადინის შესანიშნავი თამაში. გადამწყვეტ მომენტში ქართველებმა მოუმატეს, ზეწოლა გააძლიერეს და მატჩი მოიგეს. საბოლოო ანგარიში 91:85 დაფიქსირდა.

საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესო 27 ქულით და 10 მოხსნით გიორგი შერმადინი იყო. შენგელიამ კი 19 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ დებიუტანტმა გივი ბაქრაძემ მეორე მეოთხედში მნიშვნელოვანი სამ ქულიანი ჩააგდო და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. კარგი მატჩი ჰქონდა ფევაძესაც, რომელმაც საბოლოო ჯამში 11 ქულა დააგროვა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთის ნაკრები ახლა შეთამაშების პერიოდშია. ჩვენი ნაკრები ზაზა ფაჩულიამ, მარკოიშვილმა და სანიკიძემ დატოვეს. მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპი "ევრო ბასკეტამდე" კი ამის შესანიშნავი შესაძლებლობაა.

მომავალ მატჩს ზუროსის გაწვრთნილი შეგირდები 30 ნოემბერს, სტუმრად შვეიცარიის წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა თბილისის დროით 18:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები