„საქმეში პოლიტიკოსები და პროკურორები ჩარია
Aa
Aa

„საქმეში პოლიტიკოსები და პროკურორები ჩარია" - სკანდალი ქალთა ფეხბურთში და მისი დეტალები

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის წარმომადგენელმა, ანა აბაშიძემ რუსთავი 2-ის გადაცემაში, „სპორტის საათი“ ქალთა ფეხბურთში მომხდარ სკანდალთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც მოგეხსენებათ, ახლახან ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთ ქალთა საფეხბურთო კლუბში 6 ფეხბურთელი, რომელთაგან 2 არასრულწლოვანია, მწვრთნელის მხრიდან სექსუალურ შევიწროებასა და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას განიცდიდნენ.

აბაშიძემ „სპორტის საათში“ სწორედ ამ საქმის დეტალებზე ისაუბრა და განაცხადა: „ყველაზე მსუბუქად რომ ვთქვათ, საქმე გვაქვს არაეთიკურ სავარაუდო მოპყრობასთან, რასაც სექსუალურ შევიწროებას ვუწოდებთ. სავარაუდოს ვახსენებ იმიტომ, რომ დავა მიმდინარეობს როგორც სასამართლოში, ისე საფეხბურთო სივრცეშიც. ვგულისხმობ კომიტეტებსა და ტრიბუნალებს, რომლებშიც დავები განიხილება.

კომიტეტის ეტაპზე გოგონებმა დაამტკიცეს თავიანთი პოზიცია და მათ მიერ ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა კომიტეტმა საფუძვლიანად სცნო, მაგრამ ის კონკრეტული ადამიანი, რომელსაც ჩვენ ვამხელთ სექსუალური შევიწროების ქმედებაში, კომიტეტის გადაწყვეტილებას ტრიბუნალში ასაჩივრებს. პარალელურად ჩვენ მივმართეთ საქართველოს სასამართლოს, სადაც ვითხოვთ კონკრეტულად სექსუალური შევიწროების, როგორც სქესის ნიშნით გოგონების ჩაგვრის ფაქტის დადგენას. გარდა ამისა, კონკრეტულმა ადამიანმა, რომელსაც არ ვასახელებ, ეთნიკურ საფუძველზე ერთ-ერთი გოგონას მიმართ დისკრიმინაცია ჩაიდინა.

რატომ არ დაარღვიეს გოგონებმა დუმილი აქამდე? მოდით, დავიწყოთ იქიდან, რომ თითქოს ძალიან მარტივია ქალმა იდავოს და დაამტკიცოს თავისი სიმართლე ისეთ გარემოში, რომელშიც პრაქტიკულად ჰაერშიც კი გენდერული უთანასწორობა და უსამართლობაა. ქალის მიერ უბრალოდ ნათქვამი სიტყვაც კი ყოველთვის მის წინააღმდეგ გამოიყენება. ეს არა მხოლოდ ამ საქმეზე, არამედ ყველა იმ საქმეზე ხდება, რომლების მიმდინარეობისასაც ქალები ამბობენ, რომ ისინი დაჩაგრეს ან მათ მიმართ სექსუალური შინაარსის გადაცდომა თუ დანაშაული ჩაიდინეს.

ეს მორალურად ძალიან მძიმეა, რადგან ამ ადამიანებს ოჯახები ჰყავთ და ხშირად შემავიწროებელი ქმედებები ოჯახის წევრებზეც მიმდინარეობს. ადამიანების ფსიქიკა არ არის უსაზღვრო და მათ ამ უსამართლო გარემოში ცხოვრება უჭირთ. რთულია ამტკიცო რამე, როცა შენ წინააღმდეგ მთელი საზოგადოება გამოდის და ამას ძალაუფლების მქონე ადამიანები ემატება. საუბარი ჩვეულებრივ მოქალაქეებს არ ეხება. ამ კონკრეტულ საქმეში ადამიანმა, რომელსაც ჩვენ შემავიწროებელს ვუწოდებთ, მოქმედი პოლიტიკოსები და პროკურორები ჩარია. ამ დონის წნეხზეა საუბარი.

ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ გადაცდომა ნამდვილად იყო და გვჯერა იმ მტკიცებულებების, რომლებიც არაერთია. ჩვენ ვითხოვთ, რომ სასამართლომ ის სისტემატური ქცევები აღიაროს, როგორც სქესის ნიშნით დისკრიმინაცია და ამავდროულად დასძინოს, რომ იყო ეთნიკურობის საფუძველზე დისკრიმინაცია. გარდა ამისა, ჩვენ ვითხოვთ, რომ ამ ადამიანმა მორალური და მატერიალური ზიანი აანაზღაუროს.

ამ საქმეში ფეხბურთის ფედერაციის ჩართულობა მინიმალურია, რადგან მათი რეგულაციების მიხედვით აქ არის პირველი და მეორე ინსტანცია, რომლებსაც ჩვენ გავდივართ. საუბარი მაქვს კომიტეტზე და ტრიბუნალზე, რომლებიც ზემოთ ვახსენე. უსამართლო გადაწყვეტილების შემთხვევაში, შესაძლოა ფედერაციის მისამართითაც გაჩნდეს შეკითხვები, თუმცა იმედი მაქვს, ტრიბუნალი არ აღმოჩნდება პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ. იგივე ეხება სამართალდამცველებსა და მოქმედ პროკურორს. იმედი მაქვს, ტრიბუნალი ამ წნეხს გაუძლებს და იმსჯელებს სამართლიანად. სასამართლო კი პარალელური პროცესია.

აქვე გეტყვით, რომ ამ კონკრეტული ადამიანების მხრიდან ზეწოლაა იმ გოგონებზე, რომლებიც კლუბში დარჩნენ. ის ცდილობს, სხვა გოგონები ცრუ მოწმეებად გამოიყენოს. მინდა, მივმართო ამ გოგონებს, მათ შორის არასრულწლოვნებს და ვუთხრა, რომ არაფრის ეშინოდეთ“.

შეგახსენებთ, რომ PHR-ის მიხედვით, მწვრთნელის მხრიდან შევიწროება გამოიხატებოდა სექსუალური შინაარსის მიმართვებში, დაცინვაში, კრიტიკაში. ასევე სექსუალური შინაარსის ფიზიკური სავარჯიშო დავალებების მოთხოვნაში, ქალების გასახდელში უნებართვოდ შესვლაში,  ქალი ფეხბურთელების ეთნიკურ წარმოშობაზე ნეგატიურ მინიშნებასა და სხვა ქმედებებში, რომელიც ამცირებდა, ღირსებას ულახავდა ქალ სპორტსმენებს და მტრულ გარემოს უქმნიდა სამუშაო ადგილას.  მწვრთნელის მხრიდან ინტენსიური სექსუალური შევიწროვების ფაქტების გამო, ქალი ფეხბურთელები იძულებულნი გახდნენ ვადაზე ადრე შეეწყვიტათ სახელშეკრულებო ურთიერთობა კლუბთან და დაეკარგათ შემოსავალი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები