''რეინჯერსის'' მომავალი მწვრთნელი'' - შოტლანდიელი ქომაგები არველაძის ტრიუმფზე
Aa
Aa

''რეინჯერსის'' მომავალი მწვრთნელი'' - შოტლანდიელი ქომაგები არველაძის ტრიუმფზე

ტაშკენტის ''ფახთაქორში'' შოთა არველაძის ძალიან წარმატებულ მუშაობას გლაზგოს ''რეინჯერსის'' ქომაგები გამოეხმაურნენ. Rangersnews-ზე გამოქვეყნებულ მასალაში შოტლანდიური კლუბის ქომაგებს სამომავლოდ მთავარ მწვრთნელად ქართველი სპეციალისტი სურთ, რომელმაც ფეხბურთელის ამპლუაში გლაზგოურ კლუბში ძალიან შთამბეჭდავი წლები გაატარა. რამდენიმე ქომაგის კომენტარს გთავაზობთ. ისინი ქართველს უზბეკეთის ჩემპიონატის მოგებას ულოცავენ, მათ ნაწილს კი სამომავლოდ სტივენ ჯერარდის შემცვლელად არველაძე ესახება.

''გვიყვარხარ და გვენატრები, შენთვის ჩვენი კლუბის კარი სიკვდილამდე ღიაა.''

''რეინჯერსის'' მომავალი მწვრთნელი''

''შოთამ ''ფახთაქორთან'' ერთად საქმე ოსტატურად შეასრულა''

''რეინჯერსის'' ლეგენდა''

''იცეკვე ბუცებით''

შოთა არველაძე ''რეინჯერსის'' ღირსებას 2001-05 წლებში იცავდა. 2002-03 წლებში ქართველმა ფორვარდმა ''რეინჯერსთან'' ერთად სამი ტიტული მოიგო: შოტლანდიის პრემიერ ლიგა, ქვეყნის თასი და ლიგის თასი. 2002-03 წლების სეზონში არველაძემ შოტლანდიის პრემიერ ლიგის 30 მატჩში 15 გოლი შეაგდო (იგულისხმება როგორც რეგულარული ჩემპიონატი, ასევე ფლეი-ოფის მატჩები). არველაძემ შოტლანდიის ჩემპიონობა 2004-05 წლებშიც იზეიმა, შემდეგ კი კარიერა ვან გაალის გაწვრთნილ ''ალკმაარს'' დაუკავშირა.

47 წლის ქართველი სპეციალისტი უზბეკურ კლუბს 2017 წლის ივნისიდან წვრთნის. 2019 წლის სეზონში ''ფახთაქორმა'' უზბეკეთის ჩემპიონატი, უზბეკეთის თასი და ლიგის თასი მოიგო. მიმდინარე წელს არველაძის გუნდს ტრიპლეტის შესრულების შესანიშნავი შანსი აქვს. ტაშკენტურმა გუნდმა ჩემპიონობა მიმდინარე წელსაც მოიპოვა. ''რეინჯერსის'' ქომაგები სწორედ აღნიშნული ტიტულის მოგებას ულოცავენ ქართველ მწვრთნელს.

შოთა არველაძემ შესაძლოა მიმდინარე წელს უზბეკური კლუბი დატოვოს, თუმცა ''ფახთაქორის'' ხელმძღვანელებს მისი დარჩენა სურთ. ამ თემაზე კლუბის სპორტულმა დირექტორმა ჯაფარ ირიშმეტოვმა Championat.Asia-სთან ისაუბრა: ''არველაძემ ჩინური და ყატარული კლუბების მხრიდან რამდენიმე წინადადება მიიღო. ჩვენ ვმუშაობთ მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმების თაობაზე. ბედნიერები ვიქნებით თუ შოთა არველაძის მწვრთნელობით ''ფახთაქორი'' აზიის ჩემპიონთა ლიგას მოიგებს''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები