Aa
Aa

მამუკელაშვილის სუპერ მატჩი - 30 ქულა და გამარჯვება ოვერტაიმში

სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლმა“ მიმდინარე სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვა, რაშიც უდიდესი წვლილი სწორედ ქართველ კალათბურთელს მიუძღვის. „მამუმ“ „პენ სტეიტის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში გაიბრწყინა, რომელიც მისმა გუნდმა 98-92 მოიგო.

„სეტონ ჰოლმა“ მატჩი ცუდად დაიწყო და პირველი ტაიმი 11 ქულით, 45-34 წააგო, თუმცა მეორე ნახევრის სტარტზე 22-8 გაიქცა და საფინალო სირენამდე 14 წუთ-ნახევრით ადრე, 3-ქულიანი უპირატესობაც მოიპოვა. „მეკობრეებმა“ მთელი ტაიმის უმაღლეს დონეზე ჩატარება ვერ მოახერხეს და მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე 8 ქულით აგებდნენ, მაგრამ ანგარიში გაათანაბრეს და შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანეს. დამატებით დროში კი მეტოქეს 14-8 აჯობეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება გაიფორმეს.

მამუკელაშვილი „სეტონ ჰოლის“ წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გახლდათ. სანდრომ კარიერაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და 30 ქულა დააგროვა, რასაც 5 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარებაც მიამატა. „მამუმ“ 41 წუთი ითამაშა, 19-დან 10 ბურთი, 5-დან 2 სამქულიანი და 10-დან 8 საჯარიმო ჩააგდო. ამასთან, მას 3 დაკარგვა და 4 პერსონალური ფოლი ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ „სეტონ ჰოლს“ 2 მოგება და 3 წაგება აქვს. „მეკობრეები“ მომდევნო შეხვედრას 9 დეკემბერს გამართავენ და „ვაგნერს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები