Aa
Aa

მამუკელაშვილი თავის გუნდში საუკეთესო იყო - სეტონ ჰოლმა ქსავიერი დაამარცხა

სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლმა“ 2020 წელი გამარჯვებით დაასრულა. „მეკობრეები“ სტუმრად „ქსავიერს“ დაუპირისპირდნენ, რომელსაც 9 შეხვედრაში მხოლოდ 1 წაგება ჰქონდა  და მეტოქე დამაჯერებლად - 85-68 დაამარცხეს.

ქართველმა მძიმე ფორვარდმა „ჯორჯთაუნთან“ ჩაგდებული მატჩის შემდეგ, ჩვეულ სტილში იასპარეზა და „სეტონ ჰოლს“ ულიდერა. „მამუმ“ პარკეტზე 32 წუთი გაატარა და აქტივში 18 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება ჩაიწერა. მამუკელაშვილმა 12-დან 5 ბურთი, 4-დან 1 სამქულიანი და 7-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. სანდრომ წესები ერთხელ დაარღვია, თუმცა 6 დაკარგვა ჰქონდა.

მამუკელაშვილის გარდა, „მეკობრეების“ მხრიდან 14 ქულით ჯარედ როდენი გამოირჩა. ბრაის აიკენს 11 ქულა ჰქონდა, ხოლო კეილმა, სამუელმა და მოლსონმა შეხვედრა 10-10 ქულით დაასრულეს.

„ქსავიერის“ დამარცხებით „სეტონ ჰოლმა“ Big East-ის კონფერენციაში მე-4, ხოლო მიმდინარე სეზონში მე-7 გამარჯვება მოიპოვა. „მეკობრეები“ მომდევნო შეხვედრას 3 იანვარს გამართავენ და „ბატლერს“ დაუპირისპირდებიან, რომლის ანგარიშზეც 2 მოგება და 4 წაგებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები