შერმადინს სუსტი მატჩი ჰქონდა - ტენერიფემ დიდი ანგარიშით გაიმარჯვა
Aa
Aa

შერმადინს სუსტი მატჩი ჰქონდა - ტენერიფემ დიდი ანგარიშით გაიმარჯვა

ესპანეთის ACB ლიგაში "გრან კანარიამ" "ტენერიფეს" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 87:108 დამარცხდა. კანარის კუნძულების დერბი აქტიურად მასპინძლებმა დაიწყეს და პირველი მეოთხედი 27:24 მოიგეს, თუმცა ამის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და დარჩენილი მეოთხედები ვიდორეტას გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

სუსტი მატჩი ჰქონდა გიორგი შერმადინს. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 12 წუთი და 38 წამი დაჰყო. ამ პერიოდის განმავლობაში გიორგიმ 9 ქულას, 3 მოხსნას და 3 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. ეს გამარჯვება "ტენერიფესთვის" ACB ლიგაში 2021 წელს პირველი იყო. 

ვიდორეტას გუნდი 19 მატჩის შემდეგ სატურნირო ცხრილში 30 ქულით მე-3 ადგილზეა. 15 გამარჯვება, 4 მარცხი - ასეთია "ტენერიფეს" შედეგები. პირველ ადგილს მადრიდის "რეალი" იკავებს, რომელსაც 32 ქულა აქვს, თუმცა "ტენერიფეზე" ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მომდევნო მატჩს გიორგი შერმადინის კლუბი 24 იანვარს, შინ "მინრესას" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 16:00-დან დაიწყება. ცნობისთვის, "გრან კანარიაში" ქართველი კალათბურთელი ბექა ბურჯანაძე თამაშობს, მაგრამ დღეს მთავარმა მწვრთნელმა მას თამაშის საშუალება არ მისცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები