Aa
Aa

ნევილი ბექჰემთან - ფილი ინტერ მაიამის გაწვრთნის

დევიდ ბექჰემის კლუბ „ინტერ მაიამის“, ფილ ნევილის სახით, ახალი მთავარი მწვრთნელის ჰყავს. მხარეებმა თანამშრომლობის შესახებ ოფიციალურად გუშინ საღამოს გამოაცხადეს.

მაიამელები იანვრის დასაწყისში დაემშვიდობნენ დიეგო ალონსოს, რომელმაც გუნდი MLS-ის პლეი-ოფში გაიყვანა, მაგრამ იქ პირველსავე ეტაპზე „ნეშვილთან“ უშანსოდ დამარცხდა.

ფილ ნევილი 2018 წლიდან ინგლისის ქალთა ნაკრების დამრიგებელი გახლდათ, ეს კი მისთვის მამაკაცთა ფეხბურთში პირველი ნაბიჯები იქნება.

„ეს ძალიან ახალგაზრდა და იმედისმომცემი კლუბია, რომლის გამოწვევაც მივიღე და მსურს, ძლიერი გუნდი ჩამოვაყალიბო, რომლითაც ყველა ჩვენგანს სიამაყის მიზეზი გვექნება.

აქ ფეხბურთი ძალიან უყვართ და გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვთ. ამიტომაც, ძალიან მიხარია, რომ ასეთი კლუბის გაძღოლისა და ასეთ ადამიანებთან მუშაობის საშუალება მომეცა. ერთი სული მაქვს, საქმეს როდის შევუდგები“.

ფილ ნევილთან ერთად ინგლისის ქალთა ნაკრებს ამ ზაფხულს ოლიმპიადაზე უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ 43 წლის სპეციალისტმა გუნდის დატოვების გადაწყვეტილება თამაშების დაწყებამდე 6 თვით ადრე მიიღო.

შეგახსენებთ, რომ „ინტერ მაიამის“ ერთ-ერთი თანამფლობელი დევიდ ბექჰემია, რომელიც წლების განმავლობაში „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და ინგლისის ნაკრებში ნევილის თანაგუნდელი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები