არტეტა:
Aa
Aa

არტეტა: "არსენალს ოზილის გამოცდილება დააკლდება"

თურქული ფესვების მქონე გერმანელმა ფეხბურთელმა მესუთ ოზილმა "არსენალის" რვა წლიანი კარიერა დაასრულა და "ფენერბახჩეს" შეუერთდა. ამასთან დაკავშირებით "მეთოფეების" მწვრთნელმა მიკელ არტეტამ Sky Sports-თან კომენტარი გააკეთა.

"მესუთმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და თურქეთში გადაბარგდა. რაღაც დეტალები მოსაგვარებელი დარჩა, მაგრამ ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს. "არსენალს" ოზილის გამოცდილება ძალიან დააკლდება.

ის განსაკუთრებული ფეხბურთელია, რომელმაც ამ კლუბში დიდი ისტორია დაწერა. როდესაც ყველაფერი დასრულდება ოზილზე კიდევ ბევრ რამეს ვიტყვი." - განაცხადა არტეტამ

შეგახსენებთ, რომ მესუთ ოზილი სეზონის დაწყების წინ თავად მიკელ არტეტამ არც პრემიერ ლიგის განაცხადში შეიყვანა და არც ევროპის ლიგის.

ეს ყველაფერი კი იოზილის მიერ წინა წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ პოსტს უკავშირდება, რომელიც ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ფეხბურთის ასოციაციამ დაგმო. გარდა ამისა, იგი საფეხბურთო სიმულატორი, Pro Evolution Soccer-ის ჩინური ვერსიიდან და სოციალური ქსელი Weibo-დან გაქრა, სადაც მას დაახლოებით 4 მილიონი გამომწერი ჰყავდა. აქვე გეტყვით, რომ „არსენალი“ ჩინეთში რესტორნების ქსელს ფლობს და ადგილობრივი ლატარიის ოფიციალური პარტნიორი გახლავთ.

სწორედ ამ ყველაფერს უკავშირებს თავად ფეხბურთელი მისი გუნდიდან მოკვეთას. თურქული ფესვების მქონე გერმანელმა ფეხბურთელმა ამ საკითხზე სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაქვეყნა და „მეთოფეები“ გააკრიტიკა. იოზილმა განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია და დღესდღეობით ერთგულება ძალიან იშვიათი რამაა. პოსტის ბოლოს კი აღნიშნა, რომ უსამართლობისა და სისასტიკის წინააღმდეგ საბრძოლველად თავის სახელს მომავალშიც გამოიყენებს.

მესუთ ოზილი ლონდონის "არსენალს" 2013 წელს 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ მადრიდის "რეალიდან" შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 254 შეხვედრა ჩაატარა და 44 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები