Aa
Aa

ლამპარდი დათხოვნასთან ერთ ნაბიჯშია - ჩელსიმ კანდიდატები შეარჩია

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, ფრენკ ლამპარდის „ჩელსიდან“ გაშვების ალბათობა ძალიან მაღალია და, შესაძლოა, ეს უახლოეს 48 საათში მოხდეს.

ჯერ კიდევ გუშინ იწერებოდა, რომ თუკი „არისტოკრატები“ „ლესტერთან“ წააგებდნენ, „სუპერ ფრენკის“ თანამდებობიდან დაითხოვდნენ. მისი გუნდი „კინგ პოუერ სთედიუმზე“ 0:2 დამარცხდა და ზედა ოთხეულს უკვე 5 ქულით ჩამორჩება.

ლამპარდმა მატჩისშემდგომი პრესკონფერენციისას აღნიშნა, რომ მისი მომავალი მის ხელში არაა და ყველაფერს კლუბი გადაწყვეტს. ასევე, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ კარგი ფეხბურთელობა პოსტიდან დათხოვნის რისკისგან არანაირად არ იცავს.

Daily Mirror-ის ცნობით, ლონდონელთა ხელმძღვანელებს ლამპარდზე უფრო გამოცდილი სპეციალისტის მიწვევა სურთ და სიაში ტომას ტუხელი, რალფ ჰაზენჰიუტლი, მასიმილიანო ალეგრი და ბრენდან როჯერსი ჰყავთ. ჩამონათვალშია „სუპერ ფრენკიზე“ ნაკლებად გამოცდილი, მაგრამ ამ ეტაპზე აშკარად უფრო ავტორიტეტული მწვრთნელი - იულიან ნაგელსმანიც.

გამოცემა ფავორიტად ტუხელს ასახელებს, თუმცა იქვე დასძენს, რომ არც ალეგრის კანდიდატურაა გამორიცხული. იტალიელი სპეციალისტი ბოლო ორი წლის განმავლობაში ინგლისურ ენას სწავლობდა და პრემიერ ლიგაში მუშაობის სურვილს ღიად გამოთქვამს.

„ჩელსის“ ისტორიაში ყველა მწვრთნელის გათვალისწინებით, ვინც „ლურჯებს“ მინიმუმ 10 გასვლით შეხვედრაში გაუძღვა, ლამპარდის ხელმძღვანელობით გუნდს ჩემპიონატის გასვლით მატჩებში გაშვებული გოლების ყველაზე ცუდი პროცენტი აქვს - ჩატარებული 29 შეხვედრიდან კარი მშრალად მხოლოდ 5 მათგანში შეინახეს.

ლონდონელებს 19 თამაშის შემდეგ 29 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის მე-8 ადგილზე იმყოფებიან. გუნდი შემდეგ ტურში „ვულვზს“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები