ნიჟარაძე: ''გვჭირდება რეალური პროგრამა და არა ცარიელი სიტყვები''
Aa
Aa

ნიჟარაძე: ''გვჭირდება რეალური პროგრამა და არა ცარიელი სიტყვები''

საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი გია ნიჟარაძე ფიქრობს, რომ რაგბის კავშირში საპრეზიდენტო არჩევნები თავიდან უნდა ჩატარდეს. ნიჟარაძე, რომელიც ამჟამად რაგბი ევროპის ვიცე-პრეზიდენტია, Rugger.info-ს ესაუბრა.

''რაც რაგბის კავშირში ხდება ქაოსია, ამ ვითარებას სხვა სიტყვას ვერ დავარქმევ. სათქმელი მაქვს, მაგრამ ახლა საუბარი საჭიროდ არ მიმაჩნია, რომ ვითარება კიდევ უფრო არ გამწვავდეს. 24 საათი უნდა ვიმუშავოთ იმისთვის, რომ მშვიდობა დამყარდეს და ის პოზიცია შევინარჩუნოთ, რომელზეც ვიმყოფებით.

''შემოდგომის ერთა თასი'' ძალიან დაგვეხმარა, რადგან ბიჭებმა დიდი გამოცდილება მიიღეს და ის მოთამაშეები გამოიკვეთნენ, რომელთაც 2023 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების ძირითად ბირთვში ვხედავ. ეს ტურნირი ბიჭებისთვის საუკეთესო გამოცდილება იყო.

რაც შეეხება არჩევნებს, ის უნდა ავირჩიოთ, ვისიც პროგრამაც უკეთესია და არა ის, ვისი პროგრამაც ცარიელი სიტყვებია. უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტი, რომლის პროგრამა არგუმენტებით, კონკრეტული ფაქტებითაა გამყარებული. ვისაც ქართული რაგბის რეალობა და შექმნილი ვითარება ახარებს, ემოციების შეკავებას ვურჩევ, რადგან ქართული რაგბი ქომაგებს კვლავ გაახარებს''.

შეგახსენებთ რაგბის კავშირის არჩევნები ირაკლი აბუსერიძემ მოიგო, თუმცა იუსტიციის სამინისტრომ აბუსერიძე პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა, რადგან რაგბის კავშირის წესდება დაირღვა. წესდების მიხედვით არჩევნები 2020 წლის 24 თებერვლის კრებიდან 30-დღიან პერიოდში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა გასული წლის მიწურულს, 30 დეკემბერს გაიმართა. იუსტიციის სამინისტრომ რაგბის კავშირს პრობლემის გამოსასწორებლად ერთთვიანი ვადა მისცა. ასე რომ არჩევნები თავიდან უნდა ჩატარდეს და აბუსერიძის სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები