Aa
Aa

„წავაგეთ მატჩი რომლის წაგებაც შეუძლებელი იყო" - კლოპი ბარნლისთან ფიასკოს შემდეგ

„ლივერპულის“ თავკაცმა, იურგენ კლოპმა „ბარნლისთან“ განცდილ მარცხზე ისაუბრა. მერსისაიდელების დამრიგებელმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და განაცხადა, რომ მისმა შეგირდებმა უკეთესი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ.

„წავაგეთ მატჩი, რომლის წაგებაც თითქმის შეუძლებელი იყო, მაგრამ როგორღაც ეს შევძელით და ყველაფერი ჩემი ბრალია. ჩემი მოვალეობაა, რომ ბიჭებს სათანადო დამოკიდებულება ჰქონდეთ, თავდაჯერებული იყვნენ და სწორი არჩევანი გააკეთონ, მაგრამ ეს არ გამოვიდა.

ბურთს ვფლობდით და ასე თუ ისე ნორმალური მომენტები შევქმენით, მაგრამ შეტევის ბოლო ფაზაში არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ. გასულ კვირასაც ეს ვთქვი და როცა რაღაც არ გამოდის, მის გამოსწორებაზე უფრო აქტიურად უნდა ვიმუშავოთ. დღეს მიზანს ვერ მივაღწიეთ და წარუმატებლობის აღიარება სირცხვილი ნამდვილად არაა.

თუ ჩემს ფეხბურთელებს ვეუბნები როგორ გადაადგილდნენ, რათა მეტოქეს ზიანი მიაყენონ და ისინი ამას არ აკეთებენ, ნიშნავს, რომ დამნაშავე მე ვარ და მათ ყველაფერი უკეთ უნდა ავუხსნა. ასეთ შეხვედრებში პირველი გოლი უმნიშვნელოვანესია, რადგან მის შემდეგ მოწინააღმდეგის თამაშის სტილი იცვლება. ჩვენ ეს არ გამოგვივიდა, რაც ჩემი ბრალია“.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულს“ პრემიერ ლიგაში 5 მატჩია არ მოუგია, რაც 2017 წლის შემდეგ პირველად მოხდა. სათქმელია ისიც, რომ ინგლისის ჩემპიონატში „წითლებს“ „ენფილდზე“ ზედიზედ 68 შეხვედრა არ ჰქონდათ წაგებული და ეს სერია „ბარნლიმ“ დაასრულა, რომელმაც 83-ე წუთზე, ეშლი ბარნსის მიერ გატანილი პენალტით იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები