Aa
Aa

"ატალანტასთან წაგება სირცხვილი არ არის" - პიოლის მატჩისშემდგომი კომენტარი

სერია ა-ს მორიგ ტურში გათამაშების ლიდერმა "მილანმა" "ატალანტას" უმასპინძლა და უშანსოდ 0:3 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ "როსონერის" თავკაცმა სტეფანო პიოლიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ვფიქრობ "ატალანტა" ერთადერთი გუნდია, რომლის დამარცხებაც არ შეგვეძლო. მათ საქმე ძალიან გაგვირთულეს. თამაში კარგად დავიწყეთ. შეტევაში ბევრი ფეხბურთელი გვყავდა და სამწუხაროა, რომ გოლი მალევე გავუშვით. მეორე გოლმა ყველაფერი უფრო გაართულა. დრო გვქონდა, მაგრამ თამაშში დაბრუნება ვეღარ მოვახერხეთ.

უფრო მეტის გაკეთება შეგვეძლო. ვიცოდით, რომ თავი გაცილებით ფრთხილად უნდა დაგვეცვა, მაგრამ მეტოქემ აშკარად გვაჯობა. "ატალანტა" დღეს ჩვენზე უკეთესი იყო. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ მეორე გოლის შემდეგ გუნდი დანებდა.

წელს სერია ა ძალიან რთული და კონკურენტუნარიანია. ჩვენ ვიცით, რომ ყველაფერი რთულია, მაგრამ ახლა იქ ვართ, სადაც გვინდა, რომ ვიყოთ.

ვფიქრობ, "იუვენტუსთან" და "ატალანტასთან" მარცხი სასირცხვილო არ არის. ორივე მაღალი დონის გუნდია და ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულები. მეტოქემ დღეს თითქმის ყველა საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო.

დამარცხება ცუდია, მაგრამ ჩვენ გავაანალიზებთ სად დავუშვით შეცდომები და ამის გამოსწორებას აუცილებლად შევეცდებით. ახლა შემდეგ მატჩზე უნდა ვფოკუსირდეთ.

დაფიქსირებული შედეგის მიუხედავად ჩემი გუნდი პირველ ადგილზეა და "ინტერს" 2 ქულით უსწრებს. ჩვენ ზამთრის ჩემპიონები გავხდით. ბოლო 26 სეზონიდან ზამთრის ჩემპიონები 19-ჯერ სკუდეტოს მფლობელები გახდნენ." - განაცხადა პიოლიმ

შეგახსენებთ, რომ ამჟამად "მილანი" სერია ა-ს 43 ქულით ლიდერობს. მომდევნო მატჩს "როსონერი" 30 იანვარს სტუმრად "ბოლონიას" წინააღმდეგ გამართავს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები